ოპოზიციური გაერთიანების „ძალა ერთობაშია“ საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთ ლიდერს გაერთიანებას სთავაზობს. „დადგა დრო გაერთიანებისა, რათა ხელისუფლებაში მოვიდეს ეროვნული კოალიციური მთავრობა“, - წერს ვაშაძე Facebook-ზე.
„დატვირთული საარჩევნო კამპანიის და რეგიონებში შეხვედრების გამო, სამწუხაროდ, ვერ მოვახერე დღემდე პასუხის გაცემა.
მინდა გითხრათ, რომ მე ყოველთვის გთვლიდით საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ და საქართველოს თავისუფლებისათვის მებრძოლ პატრიოტად. დადგა დრო გაერთიანებისა, რათა ხელისუფლებაში მოვიდეს ეროვნული კოალიციური მთავრობა, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ დაამკვიდრებს პოლიტიკური კონკურენციის დემოკრატიულ წესებს და უზრუნველყოფს ჩვენი სახელმწიფოს წარმატებას და ღირსეულ მომავალს“, - წერს ვაშაძე.
„ლიბერალი“ დაუკავშირდა „რესპუბლიკური პარტიის“ დამფუძნებელს ლევან ბერძენიშვილს. მისი თქმით, ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში კითხვა დაუსვა გრიგოლ ვაშაძეს, ჰგონია თუ არა მასაც, რომ ის [ლევან ბერძენიშვილი] რუსეთის აგენტია. მისი თქმით, ეს კითხვა განაპირობა იმ ფაქტმა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ ის რუსეთის აგენტად მოიხსენია.
ბერძენიშვილი ამბობს, რომ ვაშაძის პასუხით კმაყოფილია, მაგრამ რაც შეეხება გაერთიანების შემოთავაზებას, რესპუბლიკური პარტიის გაცხადებული პოზიციაა, რომ ამ არჩევნებში პარტიულად მხარს არავის უჭერს.
„ეს არის პარტიული პოზიცია, თუმცა ინდივიდუალურად პარტიის წევრები საარჩევნო ყუთებთან მიიღებენ გადაწყვეტილებას, თუ ვის დაუჭირონ საპრეზიდენტო არჩევნებში მხარი“, - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.