დღეს, 5 ოქტომბერს, 19:30 საათზე, ილიას ბაღში, „გარდენ ჰოლში“ გაიმართება მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გადაცემის ცერემონიალი.
ცერემონიალზე ხუთი ფინალისტიდან ერთ-ერთი ჯილდოს მფლობელი გახდება, მას ფულადი პრიზის სახით კამპანიის გენერალური სპონსორი, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი 10 000 ლარს გადასცემს, ხოლო დანარჩენ ოთხ ფინალისტს ლიბერთი ბანკი დააჯილდოებს .
2018 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ხუთეულის წევრები არიან:
- ელისო აბრამიშვილი – ქალაქ საჩხერის სსიპ ილია ჭავჭავაძის #2 საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელი;
- ჯაბა ლაბაძე – დაბა სურამის №2 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი;
- ლელა კოტორაშვილი – თბილისის წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
- დაჩი ნანობაშვილი – თბილისის საერთაშორისო აკადემია ლოგოსის მათემატიკის მასწავლებელი;
- მანანა კაპეტივაძე – ქალაქ ბაღდათის №1 საჯარო სკოლის ინგლისურისა და რუსული ენების მასწავლებელი;
„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ კოალიციის „განათლება ყველასათვის – საქართველო“, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოში უკვე მეორედ ხორციელდება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია.