Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გრიგოლ ვაშაძის 7 რჩეული ფილმი

05 ოქტომბერი, 2018 18:22

„ლიბერალი“ წარმოგიდგენთ რუბრიკას  - LIST. გთავაზობთ საზოგადოებისთვის საინტერესო ადამიანების რჩეულ ფილმებს, წიგნებს, მუსიკას, მოვლენებს... რუბრიკა პრეზიდენტობის კანდიდატთა რჩეული ფილმებით დაიწყო. გთავაზობთ გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის 7 რჩეულ ფილმს.

ვაშაძეს მიაჩნია, რომ ქართული ფილმების სია ალბათ ცალკე უნდა გაკეთდეს, რადგან მას მსოფლიო კინემატოგრაფში განსაკუთრებული და განსხვავებული როლი უჭირავს. გრიგოლ ვაშაძისთვის ჩვენი მხრიდან, არცთუ მკაცრად განსაზღვრული ფორმატი - რაც შეიძლება მოკლედ აღეწერა შთაბეჭდილებები, საკმარისი არ აღმოჩნდა.

„ადამიანს, რომელსაც ხელოვნება - ფერწერა, გრაფიკა, თეატრი და კინემატოგრაფი უყვარს, ალბათ პირველად ასეთი შეკითხვით უნდა მიმართო - ხელოვნებაში ყველაზე უფრო, რომელი მიმდინარეობა გიყვარს? მე ყველაზე მეტად გერმანული ექსპრესიონიზმი მიყვარს: ერთი მხრივ, ძალიან დაფასებული და, მეორე მხრივ, ძალიან დაუფასებელი მიმდინარეობა, რომელმაც გიგანტური გავლენა მოახდინა ხელოვნებაზე, ფერწერიდან და კინომატოგრაფიდან დაწყებული, არქიტექტურით დამთავრებული“, - ამბობს გრიგოლ ვაშაძე.

ნოსფერატუ / Nosferatu (1922)

ალბათ, მურნაუს „ნოსფერატუთი“ უნდა დავიწყოთ; ტიპაჟების შერჩევით. იმ ადამიანით, ვინც ნოსფერატუს თამაშობს (მაქს შრეკი), რომელიც მიუნხენის თეატრის მსახიობი იყო. ხალხი დარბაზებიდან გადიოდა აბსოლუტურად შოკირებული და მურნაუს ეკითხებოდა, სად იპოვა ეს ნამდვილი ვამპირი.

ეს არის პირველი ფილმი, სადაც კამერა, რომელიც ჯერ კიდევ სტაციონალურად დგას, ქმნის ილუზიას, რომ მოძრაობს.

შუქი, თეთრი და შავი ფერები, ისე იყო დაყენებული, რომ თითქმის ფერადი ფილმის შთაბეჭდილებას ტოვებდა. ფანტასტიკურადაა დაწერილი სცენარი. ბრემ სტოკერის რომანის უკეთესი ეკრანიზაცია არ არსებობს, თუმცა მისმა ქვრივმა მაშინ ისტერიკა მოაწყო. ფილმს ეკრანზე გამოსვლამდე უამრავი წინააღმდეგობა შეხვდა. მურნაუს საავტორო უფლებების დარღვევაში ადანაშაულებდნენ. მაგრამ, კინემატოგრაფიული თვალსაზრისით ეს ფილმი აბსოლუტური შედევრია.

მეტროპოლისი / Metropolis (1927)

მურნაუმ და ფრიც ლანგმა 1930-იანი წლების დასაწყისიდან მოყოლებული, ჰოლივუდზე უდიდესი გავლენა მოახდინეს.მეტროპოლისმა“ კინაღამ გაანადგურა ამერიკული კინოინდუსტრია, რადგან გადაღებაზე არანორმალური რაოდენობის ფული დაიხარჯა. დღევანდელი ეკვივალენტით, დაახლოებით 300 თუ 400 მილიონი დოლარი, რაც მაშინდელი დროისთვის წარმოუდგენელი თანხა იყო. ფილმი გამოირჩევა ფანტასტიკური, გიგანტური დეკორაციებით, უნიკალური შუქით, გამორჩეული მსახიობებით, განსაკუთრებით, მასობრივ სცენებში. შემდეგ „მეტროპოლისის“ ფირი დაიკარგა და დარჩენილი მასალებით დიდ ხანს ცდილობდნენ ფილმის შეკოწიწებას, ვიდრე ბუენოს-აირესში, კინომატოგრაფიის მუზეუმში სრული ვერსია არ იპოვეს.

რატომ მოახდინა ამ ორმა ფილმმა ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება? ტექნიკური მხარით დაწყებული, შინაარსით გაგრძელებული და შემდეგ სულისკვეთებით დამთავრებული, ადამიანზე ასეთ გავლენას ახდენდა, განსაკუთრებით მათზე, ვისაც ხელოვნება უყვარს. ჩემთვის ამ ფილმების ეკვივალენტია მაღალი კლასის თანამედროვე ქორეოგრაფიული დადგმა, რომელშიც ყველაფერი ერთმანეთშია შერწყმული.

Bring Up Baby (1938)

ყველაზე უფრო სასაცილო კომედიაა, რაც, ჩემი აზრით, ჰოლივუდში გადაუღიათ. ამ ფილმში ორი მეგა ვარსკვლავი თამაშობს - კერი გრანტი და კატრინ ჰეპბერნი. ჰეპბერნი ჩემთვის ყველაზე საყვარელი კინომსახიობია. ამ ქალს ჰქონდა ტალანტი და, რაც მთავარია, კლასი. შეიძლება, მსახიობი იყოს ლამაზი, ძალიან ნიჭიერი ან ჰქონდეს ორივე ეს მონაცემი, მაგრამ კატრინ ჰეპბერნი სხვა კლასით გამოირჩეოდა. გაუჩერებლად იცინებს ადამიანი, რომელსაც ინგლისური screwball comedy („კოქტეილის კომედია“) უყვარს. განათება, ოპერატორის ნამუშევარი, კადრის კომპონირება და მოძრაობა ისევ გერმანული მიღწევების საფუძველზეა აგებული.

შვიდი სამურაი / Seven Samurai (1954) და შესანიშნავი შვიდეული /The Magnificent Seven (1960)

მომდევნო ორი ეპოქალური ფილმი, რომელიც არასწორი ქრონოლოგიით ვნახე. ჯერ უნდა მენახა აკირა კუროსავას „შვიდი სამურაი“ და შემდეგ „შესანიშნავი შვიდეული“, რომელიც იგივე „შვიდი სამურაია“, ოღონდ ვესტერნის ჟანრში გადატანილი. გენიალური კუროსავას ფილმმა, ასევე ოდნავ ეპიგონურმა, მაგრამ ჯონ სტარჯესის სახასიათო „შესანიშნავმა შვიდეულმა“, ჩემზე კი არა მთელს თაობებზე მოახდინა ზეგავლენა. მე თუ მკითხავთ, ამ ფილმის შემოტანა საბჭოთა ხელისუფლების გიგანტური შეცდომა იყო, რადგან ეკრანიდან თავისუფლების ფანტასტიკური შეგრძნება მოდიოდა.

წყალქვეშა ნავი / Das Boot (1981) 

რკინის ჯვარი / Cross of Iron (1977)

შემდეგ, რამაც ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა, ეს იყო გერმანიისა და აშშ-ის კინომატოგრაფების მიერ ერთად გადაღებული ორი ფილმი. ჩვენ ისე გავიზარდეთ, რომ მეორე მსოფლიო ომს ყოველთვის ჩვენი იდეოლოგიიდან ვაფასებდით. ამ ორ ფილმში ჩვენმა თაობამ პირველად შეხედა ყველაფერს ფრონტის იქითა ხაზიდან.

უკვე საიდუმლო აღარ არის, რა სისასტიკეც ჩაიდინა საბჭოთა არმიამ გერმანიაში შესვლისას. ეს ფილმები იმ სულისკვეთებით არის გადაღებული, რასაც აბსოლუტურად ვეთანხმები: ომში საბოლოოდ, დამარცხებული რიგითი ჯარისკაცი ან ოფიცერია, რომელიც ვალდებულია, პოლიტიკური ხელმძღვანელობის ბრძანება შეასრულოს. მიუხედავად, თავისი მორალური პოზიციისა თუ იდეოლოგიური შეხედულებისა.

ირმებზე მონადირე / The Deer Hunter (1978)

მაიკლ ჩიმინოზე უცნაური რეჟისორი დედამიწის ზურგზე არ არსებობს. „ირმებზე მონადირემ“ „ოსკარების“ დიდი რაოდენობა აიღო. ამ ფილმში ვარსკვლავცვენაა: რობერტ დე ნიროს, ქრისტოფერ უოლკერის, ჯონ სევიჯის და მერილ სტრიპის ჩამოთვლაც საკმარისია. რეჟისორი იღებს ფილმს ვიეტნამის ომზე, როდესაც დაბრუნებული ვეტერანები საზოგადოებაში ოსტრაკიზმის მსხვერპლნი იყვნენ.  პოლიტიკური ხელმძღვანელობის შეცდომებით გამოწვეული აგრესია იმ ადამიანებზე გადაიტანეს, ვინც ომში სამშობლოსათვის წავიდნენ, უკან დაბრუნდნენ და თანაგრძნობის ნაცვლად, გაუცხოება და ზიზღი დახვდათ (მოგვიანებით ეს დამოკიდებულება შეიცვალა). ფილმში ყველაზე კარგი სცენაა, როდესაც რობერტ დე ნიროს გმირი მსხვერპლს კუთხეში მიამწყვდევს, მაგრამ შაშხანას დაუშვებს, ეტყვის „გაიგე?“... და არ ესვრის. იმიტომ, რომ ამ ხალხმა ვიეტნამში სიცოცხლისა და თავისუფლების სიყვარული შეინარჩუნა. 

ერთ ეპიზოდს შევეხები: მაიკლ ჩიმინომ პრემიერაზე პანიკაში შეამჩნია, რომ დარბაზს, სადაც ვიეტნამის ვეტერანები იყვნენ დაპატიჟებულები, ხალხი ტოვებდა. როდესაც მამაკაცების ტუალეტში გულგახეთქილი შევარდა, სწორედ, ეს ხალხი დაინახა ატირებული. ამიტომ, ჩვენთვის ეს ფილმი გარდა იმისა, რომ კინომატოგრაფიული შედევრია (მარტო ქორწილის 11-წუთიანი სცენა რად ღირს),  სხვა მხრივაც გამორჩეულია. სადაც არ უნდა იყოს ჯარისკაცი, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ის უპირველეს ყოვლისა, სამშობლოს ემსახურება. თუ ვინმე არის პასუხისმგებელი, ეს პირველ რიგში პოლიტიკური ხელმძღვანელობაა. 

_____________________________________________

 

 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^