მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადის დახურვის ცერემონიაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ რუსეთის დელეგაციას საქართველოს რუკა აჩუქა.ის გუშინ მომხდარ ამბავს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ე.წ. დიზაინერების ნებსით თუ უნებლიეთ დაშვებული შეცდომა კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დააყენებს საქართველოს ერთიანობას.
გუშინ ბათუმის საჭადრაკო ოლიმპიადის ფარგლებში გამართულ ყრილობას რუსეთის, კერძოდ კი, ხანტი მანსიის დელეგაციაც ესწრებოდა. ოლიმპიადის მოხალისეებმა მათ მიერ დარიგებულ სასაჩუქრე ჩანთებში სუვენირებთან ერთად აღმოაჩინეს მინიატურული ზომის გასაშლელი რუკა, სადაც საქართველო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშეა. მოხალისეებმა ფაქტი საორგანიზაციო კომიტეტს აცნობეს. საორგანიზაციო კომიტეტმა სასაჩუქრე ნაკრებებიდან აღნიშნული რუკის ამოღების მიზნით შესაბამისი ზომები მიიღო.
„საქართველოს ჭადრაკის ფედერაციას მიუღებლად მიაჩნია სპორტულ ღონისძიებაზე პოლიტიკური ელემენტების შემოტანა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის შელახვას“,- ნათქვამია ფედერაციის განცხადებაში.