ვასიკო ოდიშვილის სატირულ-იუმორისტული შოუ „ვასმედია", რომელიც ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ყოველ კვირა დღეს გადიოდა, გუშინ ეთერში აღარ გასულა.
„ლიბერალი" დაუკავშირდა გადაცემის ერთ-ერთ პროდიუსერს, გვანცა გორდეზიანს, რომელმაც თქვა, რომ გადაცემა ეთერში ფორმატთან დაკავშირებული ცვლილებების გამო არ გავიდა.
„გადაცემა შეიცვლის ფორმატს. ცვლილებების დასრულებამდე გადაცემა ეთერში აღარ გავა" - ამბობს გვანცა გორდეზიანი.
შეკითხვაზე, უკავშირდება თუ არა გადაწყვეტილება 30 სექტემებრს გასულ გადაცემას, რომელშიც წამყვანმა პარლამენტის თავმჯდომარეზე იხუმრა, გორდეზიანმა გვიპასუხა, რომ ფორმატის ცვლილება ამ გადაცემასთან კავშირში არ არის.
„ლიბერალის" წყაროს ინფორმაციით, გადაცემის შეჩერება, სავარაუდოდ, კავშირშია 30 სექტემბერს გასული გადაცემის შინაარსთან.
საგულისხმოა, რომ პირველი გადაცემა გავიდა 16 სექტემბერს და 7 ოქტომბერს გასასვლელი გადაცემის პრომოც გადიოდა ეთერში და განთავსებული იყო გადაცემის ფეისბუქგვერდზე.
„ლიბერალი" ცდილობდა, გადაცემის წამყვანთან დაკავშირებას, ასევე გადაცემის მეორე პროდიუსერთან, ირაკლი ხრიკაძესთან. ირაკლი ხრიკაძე ჩვენს სატელეფონო ზარს არ პასუხობს.
30 სექტემბერს გასულ გადაცემაში ვასიკო ოდიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გააშარჟა.
„ვასმედია“: დაგიბრუნდებით კვირას. არაკეთილმოსურნეებს გთხოვთ, გააგრძელოთ ნერვიულობა
გადაცემის დახურვის შესახებ შეკითხვა დღეს კობახიძეს ბრიფინგზეც დაუსვეს. კობახიძის თქმით, მას ამ გადაცემის დახურვასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს. „არა მგონია, რაიმე გადაცემა დახურულიყო, არანაირი ინფორმაცია გადაცემის დახურვაზე არ მაქვს."- კობახიძე.
_________________________________________
დააკლიკეთ ბმულს და შემოგვიერთდით „ლიბერალის“ ლიტერატურულ კლუბში ფეისბუქზე