ჩაჩავას კლინიკის ექიმი, მეან-გინეკოლოგი, ნიკოლოზ კინტრაია Facebook-ზე წერს, რომ ის „ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ამომრჩეველი არ არის და მას არ აძლევს ხმას.
ჩაჩავას კლინიკის მეან-გინეკოლოგიის დეპარტამენტის ხელძღვანელმა, ნიკოლოზ კინტრაიამ ზურაბიშვილს 20 000 ლარი შესწირა.
ჩაჩავას კლინიკის მეან-გინეკოლოგები ზურაბიშვილის შემწირველთა სიაში
„ბოლო ორი დღის განმავლობაში ძალიან ბევრი მეგობარი და ჩემთვის ძვირფასი ადამიანი დამიკავშირდა, ისინი, ვისაც ჩემზე გული შეტკივა და მაფასებს. მათ შორის ისეთებიც, ძალიან დიდი ხანი რომ არ მინახავს. მათი შეკითხვები გავაერთიანე და მინდა, ყველას ერთად ვუპასუხო
1. პრეზიდენტის არჩევნებზე ვაპირებ მისვლას?--ვაპირებ
2. ხმას სალომე ზურაბიშვილს ვაძლევ?-- არა
3. ვის მივცემ ხმას?-დაველოდები საარჩევნო კომპანიის დამთავრებას და მერე გადავწყვეტ. ჯერ დრო ბევრია
4. ამას გულწრფელად ვამბობ? - დიახ.
კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ამ სტატუსს ჩემი მეგობრებისთვის ვწერ. გამგები გაიგებს. ვინც ვერ გაიგებს კიდე, ყველას შეგე წიოთ უფალი“- წერს ნიკოლოზ კინტრაია.
„ლიბერალმა“ რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა მასალა. „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის შემწირველების სიაში ჩაჩავას კლინიკის მეან-გინეკოლოგებიც იყვენენ, რომლებიც კლინიკაში სხვადასხვა წამყვან თანამდებობას იკავებენ (გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი; მმართველი საბჭოს თავმჯდომარე;, სამეანო განყოფილების უფროსი; მეან-გინეკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი).
ნიკოლოზ კინტრაიამ 2016 წელს „ოცნებას" 60 000 ლარი შესწირა, ხოლო 2017 წელს კი 40 000 ლარი.
აღსანიშნავია, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატი ელგუჯა გოცირიძე ჩაჩავას კლინიკის აქციონერია. ის 2001 – 2016 წლებში „ჩაჩავას კლინიკის“ გენერალური დირექტორი იყო.
„ლიბერალი“ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ნიკოლოზ კინტრაიასთან დაკავშირებას ცდილობს.