Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვაინახების პროტესტი - რა ხდება ინგუშეთში

09 ოქტომბერი, 2018 14:53

ინგუშეთის დედაქალაქი მაგასი საპროტესტო აქციებმა მოიცვა. ჩრდილო კავკასიის ავტონომიურ რესპუბლიკაში ჩეჩნეთთან მიწების გაცვლის შეთანხმებას ეწინააღმდეგებიან. ჩეჩნეთისა და ინგუშეთის ლიდერების მოულოდნელმა გადაწყვეტილებამ ათასობით ადამიანი გამოიყვანა ქუჩაში. საკონსტიტუციო სასამართლომ ეს შეთანხმება არაკონსტიტუციურად ცნო, მთავრობას ეწინააღმდეგება დეპუტატების ნაწილიც.

ინგუშეთში ვითარების გამწვავებასთან ერთად ავტონომიურ რესპუბლიკაში რუსეთმა სამხედრო ტექნიკა და სპეციალური დანაყოფები შეიყვანა, თუმცა ვაინახები მშვიდობიან პროტესტს განაგრძობენ და სეპარატიზმის გარეშე, მათთვის მტკივნეული საკითხის გადაწყვეტას მოითხოვენ.

მიწების გაცვლის შეთანხმება - რატომ დაიწყო პროტესტი ინგუშეთში

26 სექტემბერს ინგუშეთისა და ჩეჩნეთის ავტონომიური რესპუბლიკების ლიდერებმა კადიროვმა და ევკუროვმა მიწების გაცვლის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. როგორც მათ თქვეს, ეს იყო  ტერიტორიების „ეკვივალენტური გაცვლა“. ხოლო ჩეჩნეთის პრეზიდენტი დასძენს, რომ ამ გადაწყვეტილებით ორივე რესპუბლიკამ მოიგო.

„ჩვენ იმ ტერიტორიების დაზუსტებები დავიტანეთ რუკაზე, თითოეული კვადრატული მეტრობით, რომლებსაც ერთმანეთს გავუცვლით“, - უთხრა ევკუროვმა რუსულ საინფორმაციო სააგენტო TASS-ს.

ჯერ კიდევ შეთანხმებამდე პრეზიდენტებს შორის შეხვედრა 100-მდე მოქალაქემ გააპროტესტა, თუმცა შეთანხმება გაძლიერებული დაცვის ფონზე მაინც გაფორმდა, რასაც ინგუშეთში მალევე მრავალათასიანი აქციები მოჰყვა.

ფოტო: TASS

ინგუშების პროტესტი და ისტორიული წინაპირობა

ინგუშები ამ გადაწყვეტილებით თავს დაზარალებულად მიიჩნევენ. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ სუნჟის რეგიონის ნაწილის ჩეჩნეთში გადასვლა კადიროვის ინტერესებს ემსახურებოდა.

საბჭოთა კავშირის პერიოდში ჩეჩნეთი და ინგუშეთი ერთი ავტონომიური ერთეული იყო. საბჭოთა კავშირის დაშლისას, 1991 წელს ჩეჩნეთმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა. მაშინ ინგუშებმა რუსეთის ფედერაციაში დარჩენა გადაწყვიტეს.

ჯოხარ დუდაევისა და რუსლან აუშევის მეთაურობით ვაინახებმა შეთანხმებას მიაღწიეს - ჩეჩნეთი და ინგუშეთი გაიყო.

ჟურნალისტი სულხან ბორძიკაშვილი „ლიბერალთან“ ჰყვება, რომ სუნჟის ეს ნაწილი იჩქერიის რესპუბლიკაში მოექცა, მაგრამ ჩეჩნეთის მეორე ომის დროს, დუდაევის დროს დადგენილი საზღვრები წაიშალა, მოგვიანებით კი ეს ტერიტორია ინგუშეთის ავტონომიური რესპუბლიკის საზღვრებში აღმოჩნდა.

ინგუშებისთვის ტერიტორიული საკითხები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. 90-იან წლებში ოსებთან კონფლიქტის შემდეგ, მათ დასავლეთ ინგუშეთის საკმაოდ დიდი ნაწილი დაკარგეს. ამიტომ ტერიტორიულ საკითხებზე ყველა გადაწყვეტილება მათ შეშფოთებას იწვევს.

პროტესტის პიკი

ვაინახებმა ოქტომბერი პროტესტით დაიწყეს. მაგასში ყველაზე მასშტაბური აქცია 4 ოქტომბერს შედგა, როცა ინგუშეთის პარლამენტს შეთანხმების რატიფიცირება უნდა მოეხდინა. ათასობით ინგუში, რომლებსაც ეროვნული დროშებით ცხენოსანთა კოლონა მიუძღვებოდა ქალაქის ცენტრში შეიკრიბა და პარლამენტს მოუწოდა, არ მიეღო ეს გადაწყვეტილება.

ინგუშეთის პარლამენტმა გადაწყვეტილება მაინც მიიღო. ფარული კენჭისყრის შედეგებით, გაცვლას 17-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 4-მა თავი შეიკავა, 4 კი მის წინააღმდეგ წავიდა, მაგრამ ხმის მიცემიდან მალევე აქციას შეუერთდა 4 დეპუტატი, რომლებმაც განაცხადეს, რომ კენჭისყრა გაყალბებული იყო. დეპუტატების თქმით, რეალურად მიწების გაცვლას მხარი მხოლოდ 4-მა დეპუტატმა დაუჭირა. მათივე თქმით, ასეთ საკითხზე ფარული კენჭსიყრის ფორმა ეწინააღმდეგებოდა კონსტიტუციასაც.

4 ოქტომბერს აქციაზე გამოვიდა ინგუშეთის პრეზიდენტი ევკუროვიც, მაგრამ მის გამოჩენას ხალხში აგრესია მოჰყვა. ევკუროვს დემონსტრანტებმა ბოთლები დაუშინეს, მისმა დაცვამ კი ჰაერში სროლა დაიწყო. ევკუროვი ქუჩიდან მალევე გაარიდეს, საღამოს კი უკვე ინტერნეტში გაავრცელა მოწოდება, რომ დემონსტრანტები დაშლილიყვნენ.

მაგასში აქცია არ დაშლილა. წვიმის მიუხედავად ბევრი ცენტრალურ გამზირზე დარჩა. მაღაზიებისა და სხვა ობიექტების დიდი ნაწილი მთელი ღამე მუშაობდა, იმის გამო, რომ დემონსტრანტებს დისკომფორტი არ შექმნოდათ. თვითორგანიზებულმა აქტივისტებმა აქციის მონაწილეებს ზიაზიკოვის გამზირზე საკვები მიუტანეს.

ფოტო: BBC

„ხვალაც მოდით, აუცილებლად. პარასკევის ნამაზია და დღევანდელზე მეტი ადამიანი მოვა“, - უთხრა BBC-ის რუსულ სამსახურს ერთ-ერთმა მოქალაქემ.

5 ოქტომბერს ინგუშეთის დედაქალაქში ათასობით ადამიანი ისევ შეიკრიბა. ადგილობრივი ბლოგერები წერდნენ, რომ მეზობელი ავტონომიური რესპუბლიკებიდან რუსულმა დანაყოფებმა ინგუშეთში შესვლა სცადეს, მაგრამ ინგუშმა პოლიციელებმა ისინი არ გაატარეს. ინფორმაცია დაუდასტურებელია.

პარასკევის ლოცვისას ინგუში სამართალდამცველების კორდონი მნიშვნელოვნად შემცირდა. პოლიციელთა დიდი ნაწილი აქციის მონაწილეებს შეუერთდა და მათთან ერთად ლოცვა დაიწყო.

მაგასში აქციები დღემდე გრძელდება.

ფოტო: BBC

ინგუშების მოთხოვნა და რუსეთის ფაქტორი

სულხან ბორძიკაშვილი მიიჩნევს, რომ მიწების გაცვლის მოულოდნელი შეთანხმება და აქციების დაწყება, რუსეთის პროვოცირებული იყო. როგორც სულხანი „ლიბერალთან“ ჰყვება, რუსეთის ხელისუფლებას შიდა პრობლემებიდან ყურადღების გადატანა სურს და მტრის ხატს ისევ კავკასიაში ეძებს.

ჯერ იყო ლუგარის ლაბორატორია თბილისში, შემდეგ ვითარების გამწვავება ინგუშეთში. ბორძიკაშვილის თქმით, რუსეთის ხელისუფლება უჩვეულოდ ლოიალურია რთულ რეგიონში მასობრივი აქციების მიმართ. სულხანის თქმით, ინგუშეთში მიმდინარე მოვლენების გარშემო ბევრი დეზინფორმაცია ვრცელდება. მათ შორის ისიც, რომ ისინი საქართველოსთან შემოერთებას მოითხოვენ. ხოლო რუსული სახელისუფლებო მედია ცდილობს ისე წარმოაჩინოს, რომ კავკასიაში ჩეჩნებსა და ინგუშებს შორის კონფლიქტი იწყება, რაც, მისი თქმით, თითქმის წარმოუდგენელია, რადგან ორივე რესპუბლიკის ხალხი ერთია - ვაინახები არიან და მათ შორის საზღვრებიც პირობითია.

სულხანი ჰყვება, რომ სადავო ტერიტორიების მცხოვრებლები შეიკრიბნენ და ერთობლივად განაცხადეს, რომ ადმინისტრაციული საზღვრის მიუხედავად, ისინი ერთიანები იქნებიან.

„აქ საზღვრების გავლება რთულია. სადაც არ უნდა დაწესდეს, ერთი ძმა ერთ მხარეს დარჩება, მეორე ძმა - მეორე მხარეს. ვაინახები ერთი ხალხია და მათი დაშორება ძნელია“, - ჰყვება სულხან ბორძიკაშვილი „ლიბერალთან“.

მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც ინგუში მოსახლეობა მოითხოვს არის ის, რომ ეს გადაწყვეტილება მათ გარეშე არ უნდა მიეღოთ. ასე მიიჩნევს მათი პირველი პრეზიდენტი რუსლან აუშევიც, რომელიც აქციაზეც მივიდა.

ასეთი გადაწყვეტილება გამოიტანა საკონსტიტუციო სასამართლომაც, რომელმაც დაადგინა, რომ ინგუშეთის პრეზიდენტს რეფერენდუმის გარეშე ასეთი მნიშვნელოვანი შეთანხმება არ უნდა დაედო.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^