გორის მერიის თანამშრომელმა სამოქალაქო აქტივისტ გიგა მაქარაშვილს, რომელმაც დღეს სხვა აქტივისტებთან ერთად გორის მერიასთან საპროტესტო აქცია გამართა, თავზე ნაგვის ურნა ჩამოამხო. შემთხვევის ამსახველ კადრებს ტელეკომპანია „დია“ ავრცელებს. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, პირი, რომელმაც მაქარაშვილს ურნა თავზე დაამხო, თემურ მანველიშვილია, გორის მერიის ადმინისტრაციის უფროსი.
ახალგაზრდების ჯგუფმა მერიის შენობის წინ ნაკელი მიიტანეს და შენობის კიბეებზე საკენკიც დაყარეს. გამოცემის ცნობით, მოგვიანებით გიგა მაქარაშვილი, ტერიტორიის დანაგვიანების გამო, პატრულმა დააჯარიმა. აქციის მონაწილეები თემურ მანველიშვილის დასჯასაც მოითხოვენ.
2 დღის წინ დევნილთა დასახლებაში მოსახლეობასთან შეხვედრისას გორის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა ომის დაწყებაში ქართული მხარე დაადანაშაულა.
„ლიბერალი“ გორის მერიასთან დაკავშირებას ცდილობს.
ფოტო/ვიდეო: ტელეკომპანია „დია“