პრეზიდენტობის კანდიდატების კომენტარები ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით, - გთავაზობთ კანდიდატების პოზიციებს, რომლებიც გამოქვეყნებულია პლატფორმა prezidenti.ge-ზე.
დავით ბაქრაძე - „ევროპული საქართველო"
ქართულ საზოგადოებას დღეს, ერთი მხრივ, მძიმე ნარკოტიკის გავრცელება და ნარკოტიკის (განსაკუთრებით, ინტრავენური) მომხმარებელთა რაოდენობის ზრდა აწუხებს, მეორე მხრივ ის, რომ მთავრობის რეპრესიული ნარკოპოლიტიკა ნარკომომხმარებლებს სჯის და არა ნარკორეალიზატორებს.
მნიშვნელოვანია რეფორმის გატარება ორივე მიმართულებით: ერთი მხრივ, ეფექტური ბრძოლა ნარკორეალიზატორებთან, მეორე მხრივ, კი ნარკოდამოკიდებული ადამიანებისათვის ეფექტური და სრულფასოვანი სოციალური და ჯანდაცვის სარეაბილიტაციო პროგრამების შემუშავება.
ზურაბ ჯაფარიძე - ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩი"
ნარკოტიკები უნდა იყოს ლეგალური. ეს არის ერთადერთი გზა იმისთვის, რომ შევცვალოთ ის საშინელი რეალობა, რომელიც შექმნა არაადამიანურმა ნარკოპოლიტიკამ.
სალომე ზურაბიშვილი - „ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატი;
პრეზიდენტობის განდიდატმა ამ საკითხზე პასუხი არ წარმოადგინა.
შალვა ნათელაშვილი - „ლეიბორისტული პარტია"
ნარკოტიკის მოხმარება არ უნდა იყოს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. ამავდროულად, დაუშვებელია ნარკოპროპაგანდა და ის სრული თავისუფლება ამ სფეროში, რომელიც დღეს დამყარდა.
გრიგოლ ვაშაძე - გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი
ნარკოტიკების მოხმარება და მათზე დამოკიდებულება არის პრობლემა, რომელიც სერიოზულ ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს მთლიანად საზოგადოებაზე, განსაკუთრებით კი მის ახალგაზრდა, შრომისუნარიან ნაწილზე. ამ პრობლემის მოგვარებისთვის საჭიროა საზოგადოების სხვადასხვა წრეების ურთიერთთანამშრომლობა. ვთვლით, რომ მთავრობას უნდა ჰქონდეს აქტიური დიალოგი სამოქალაქო საზოგადოებასთან, დარგის სპეციალისტებთან და სათემო ორგანიზაციებთან, რათა უზრუნველყოფილი იქნას მაქსიმალური ჩართულობა და გამჭირვალობა ამ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
ჩვენი ერთერთი მთავრი პრიორიტეტი გახდება ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა, ნარკოტიკების მოხმარების პირველადი პრევენცია და ამ საკითხებზე ცნობიერების ამაღლება ბავშვებსა და მოზარდებში. მნიშვნელოვანი ასევე, პრევენციული ღონისძიებების განხორციელება სარისკო პოპულაციებში (ადამიანები ვინც უკვე მოიხმარენ ნარკოტიკებს და /ან არიან მავნე სუბსტანციებზე დამოკიდებულები) ზიანის შემცირების პროგრამების და საგანმანათლებლო აქტივობების საშუალებით, რომ არ მოხდეს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის კიდევ მეტად გაუარესება, აივ ინფექციისა და ვირუსული ჰეპატიტების რიცხვის ზრდა და მძიმე დამოკიდებულების ჩამოყალიბება.
სწრაფად და ეფექტურად უნდა მოხდეს ნარკოპოლიტიკის რეალური გადახედვა და ისეთი საკითხების დარეგულირება როგორიცაა, მაგალითად, დოზების ოდენობა და შესაბამისი სასჯელის ადეკვატურობა. მკაცრად უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისაგან არალეგალური ნარკოტიკების მომხმარებელი და გამსაღებელი.
ვთვლით, რომ კანონი მაქსიმალურად მკაცრი უნდა იყოს ნარკოტიკების გამსაღებლებთან და მკაცრად უნდა კონტროლდებოდეს ქვეყანაში არალეგალური ნარკოტიკების შემოსვლა და გასაღება. ამავე დროს, საზოგადოება და მთავრობა მაქსიმალურ მხარდაჭერას უნდა იჩენდნენ მომხმარებლების მიმართ, რომ მოხდეს მათი ჩართვა სხვადასხვა სამკურნალო-სარეაბილიტაციო პროგრამებში. ასევე, მნიშვნელოვანია ისეთი ღონისძიებების მხარდაჭერა, რომელიც მიმართულია მომხმარებლების და დამოკიდებული ადამიანების საზოგადოებაში რესოციალიზაციასა და რეინტეგრაციაზე (სარეაბილიტაციო ცენტრების დაფუძნება, სოციალური მეწარმეობა, რეაბილიტირებული მომხმარებლების პროფესიული გადამზადება და სამუშაო უნარებით აღჭურვა და სხვ.). ჩვენი დევიზი უნდა იყოს „დახმარება და მხარდაჭერა დასჯის ნაცვლად“. ამავე დროს, კატეგორიულად წინააღმდეგი ვართ მარიხუანის კულტივაციის და საქართველოში მისი პლანტაციების გაშენების.
დავით უსუფაშვილი - „შენების მოძრაობა"
ნარკომანია იმ ტიპის პრობლემაა, რომლის მოგვარებაში სახელმწიფო აქტიურად უნდა ჩაერიოს. ჩარევის ინსტრუმენტები და მეთოდები კი უნდა იყოს ეფექტური (გაზომვადი ინდიკატორებით უნდა ვხედავდეთ მკაფიო პოზიტიურ შედეგებს) და არ უნდა იწვევდეს უარყოფით თანამდევ მოვლენებს (ნარკოდამოკიდებულთა და მათი ოჯახის წევრების უფლებების შელახვა; ნარკომანიასთან ბრძოლის რეპრესიული ინსტრუმენტების არადანიშნულებისამებრ გამოყენება; კორუფცია; ნარკომანიის უნებური პოპულარიზაცია).
საქართველოში დღემდე გატარებული რეპრესიული ნარკოპოლიტიკა არის არაეფექტური (ნარკოდამოკიდებულთა რაოდენობა იზრდება და არ მცირდება; სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ნარკოტიკების მოხმარების დონე იზრდება და არ მცირდება) და თან ახლავს მძიმე თანამდევი უარყოფითი შედეგები (რეპრესიული ინსტრუმენტების არადანიშნულებისამებრ გამოყენება; კორუფცია; უფლებების შელახვა). სისხლის სამართლის კოდექსით და პოლიციით ქურდობას და ნარკომანიას ერთნაირი წარმატებით ვერ დავამარცხებთ: პირველი, მეორისგან განსხვავებით, მორალურად გაკიცხულია თითქმის მთელი საზოგადოების მიერ; მეორეს, პირველისგან განსხვავებით, ავადმყოფები სჩადიან, რომელთა ნებელობითი წინააღმდეგობის დონე მინიმუმზეა დასული.
აშკარად გვჭირდება მეტი შედეგის და ნაკლები ზიანის მომტანი ნარკოპოლიტიკა, რომელშიც რეპრესიული ინსტრუმენტები, პოზიტიური სამოტივაციო ფაქტორები და სამკურნალო მეთოდები უკეთ იქნება დაბალანსებული. ამისათვის საჭიროა პარლამენტის და მთავრობის მიერ შემუშავებული კომპლექსური ღონისძიებების სისტემა, რამაც დააგვიანა და მივიღეთ ყველაზე უარესი - საკონსტიტუციო სასამართლომ, მხოლოდ უფლებრივ ასპექტებზე დაყრდნობით (სხვა მას არც არაფერი შეეძლო...), ფუნდამენტური ცვლილება შეიტანა სამართლებრივ რეჟიმში. ეს სინამდვილეში ნაწილობრივ დეკრიმინალიზაციას ნიშნავს, მაგრამ საზოგადოებამ აღიქვა, როგორც სრული ლეგალიზაცია. ამ საკითხზე ჩვეულ კონფრონტაციულ და ზედაპირულ სტილში გამართულმა პოლიტიკურმა დებატებმა კი ბევრ მსმენელ-მაყურებელზე ნარკოტიკის პოპულარიზაციის ეფექტი უფრო მოახდინა, ვიდრე ნარკომანიასთან განსხვავებული, უფრო ჰუმანური და ეფექტური მეთოდებით ბრძოლის.
დღეს ნარკომანიასთან ბრძოლის ნაცვლად ვებრძვით და ვასუსტებთ ერთმანეთს და ყვავის ნარკომანია და ნარკომაფია. აუცილებელია ამ საკითხზე მეტი საზოგადოებრივი დისკუსია, მეტი კვალიფიციური სპეციალისტის ჩართვა, მეტი კონსენსუსი. უკეთ უნდა გავითვალისწინოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური, სოციალური და კულტურული განვითარების რეალური მდგომარეობა და უკეთ უნდა გავიაზროთ ნარკომანიის წამახალისებელი მოვლენები ჩვენს საზოგადოებაში.
-------------------------------------------------------------------------------------------------------
მასალა მომზადებულია prezidenti.ge-ს მიხედვით. პლატფორმა 2013 წლიდან მოყოლებული აქვეყნებს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატების წინასაარჩევნო შეხედულებებს ქვეყნისათვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზე. ამ ვებ-გვერდის მიზანია, რომ პრეზიდენტობის კანდიდატებმა ამომრჩეველს კონკრეტული, შედეგზე ორიენტირებული და ნათელი წინასაარჩევნო ხედვები შესთავაზონ, რის საფუძველზეც მას ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა ექნება არჩევნების დღეს.