საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა „რუსთავი2-თან“ სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა „ნაციონალური მოძრაობა” და „ევროპული საქართველო” კვლავ გაერთიანდნენ.
„სიმართლე გითხრათ, ბოლომდე ვერ გავიაზრე და ვერ გავითავისე ის ფაქტი, რომ პარტია არის გაყოფილი. ჯერაც ისე ვუყურებ, რომ ამ ორმა ძალამ რაღაც ეტაპზე მაინც უნდა ნახოს საერთო ენა და საერთო ინტერესებისთვის იბრძოლონ, საერთო მიზნის მისაღწევად. ამიტომ, ჩემს მდგომარეობაში არჩევანზეც კი არ ვფიქრობ, რადგან ისინი ჩემს მეგობრებად და თანამებრძოლებად მიმაჩნია. ვერ ვყოფ ამ ადამიანებს.
მე მინდა და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს ძალები იყვნენ ერთიანნი. მიხეილ სააკაშვილი და ყველა ის ადამიანი, რომლებსაც, საბოლოო ჯამში, ერთი და იგივე ფასეულობები აქვთ, იქნებიან ერთად. მინდა, ისინი იყვნენ ერთად და იბრძოლონ საერთო მიზნების მისაღწევად“, - განაცხადა მან.
ინტერვიუში ვანო მერაბიშვილი მისი მოწამვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. ვანო მერაბიშვილი ამბობს, რომ ეს ეჭვი მის მეგობრებს აქვთ, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ხშირად პირად საუბრებში მედიკოსებიც ეუბნებიან, რომ დაავადებას, რომელიც მას აქვს, ინფექცია იწვევს, ეს ეჭვი უსაფუძვლო არაა. მერაბიშვილი აცხადებს, რომ მოწამვლის შემთხვევაში, ძნელი იქნება იმის დადგენა, რა საშუალებებით ხდება ეს და მაგალითისთვის უკრაინის ყოფილი პრეზიდენტო იუშენკო მოჰყავს.
ვანო მერაბიშვილი თავის პატიმრობაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ მისი ერთკაციან საკანში ჯდომა ყოველგვარი კომუნიკაციების გარეშე „ჩვეულებრივი ანგარიშსწორებაა“. ყოფილი პრემიერი აცხადებს, რომ ხელისუფლებას ეშინია გამოცდილი პოლიტიკოსების და მათ იზოლაციაში აქცევს.