სპეციალური პენიტენციური სამსახური ვანო მერაბიშვილის სისხლის ლაბორატორიული გამოკვლევების შედეგებს ავრცელებს. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მერაბიშვილის შესაძლო „ინტოქსიკაცია გამოირიცხა“.
„ანალიზი ჩატარდა 6 მძიმე მეტალზე: რკინა, სპილენძი, ტყვია, კადმიუმი, მანგანუმი და თუთია, ასევე კალციუმსა და მაგნიუმზე. მასალა გამოსაკვლევად გადაიგზავნა გერმანიაში „ლაბორატორია მრჩეველი - ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპულ ჯგუფის“ მიერ. მიღებული პასუხის შედეგად ირკვევა, რომ ყველა ზემოთ ხსენებული მეტალის და მაკროელემენტის კონცენტრაცია სისხლში არის ნორმის ფარგლებში. ამის შემდეგ, მიღებული პასუხების საფუძველზე 12 ოქტომბერს გაიმართა ტოქსიკოლოგების კონსილიუმი, რომლის დასკვნითაც ინტოქსიკაცია გამოირიცხა. ამასთანავე, კონსილიუმმა დაადგინა, რომ ტოქსიკოლოგიური მიმართულებით ივანე მერაბიშვილი რაიმე სახის დამატებით გამოკვლევებს არ საჭიროებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
გუშინ „რუსთავი 2-თან“ ინტერვიუში ვანო მერაბიშვილი მისი მოწამვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. ვანო მერაბიშვილი ამბობს, რომ ეს ეჭვი მის მეგობრებს აქვთ, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ხშირად პირად საუბრებში მედიკოსებიც ეუბნებიან, რომ დაავადებას, რომელიც მას აქვს, ინფექცია იწვევს, ეს ეჭვი უსაფუძვლო არაა. მერაბიშვილი აცხადებს, რომ მოწამვლის შემთხვევაში, ძნელი იქნება იმის დადგენა, რა საშუალებებით ხდება ეს და მაგალითისთვის უკრაინის ყოფილი პრეზიდენტო იუშენკო მოჰყავს.