არჩილ თალაკვაძის ძმა, ავთანდილ თალაკვაძე, რომელიც 2015 წლიდან დღემდე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის უფროსია, გუშინ „რუსთავი 2-ის" მიერ გავრცელებულ ჩანაწერებზე კომენტარს არ აკეთებს.
„ლიბერალი" საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის სამსახურს დაუკავშირდა. მედიასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის თქმით, ავთანდილ თალაკვაძე გავრცელებულ ჩანაწერებზე კომენტარს პროკურატურის ბრიფინგამდე არ გააკეთებს.
პროკურატურის ბრიფინგი 3 საათზეა დანიშნული.
გუშინ ტელეკომპანია „რუსთავი 2-მა" გაავრცელა ჩანაწერი, რომელშიც, სავარაუდოდ, ხორავას ქუჩის საქმეზე დაკავებული მირზა სუბელიანი, „ქართული ოცნების" დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე და გენინსპრქციის ყოფილი მაღალჩინოსანი, დავით ცუხიშვილი ფიგურირებენ. საუბარი, სავარაუდოდ, ციხეშია ჩაწერილი.
სუბელიანი უკმაყოფილოა „ქართული ოცნების" წევრების მხარდაჭერით და ამბობს, რომ არავის არაფერი უთქვამს მისი დასაცავი. მაგალითად კი აჩიკო თალაკვაძე მოჰყავს.
„ნუთუ, ის არ დავიმსახურე, რომ ელემენტარულად ეთქვა, არ არის ეს ის კაციო. პოლიტიკოსებს ენები რომ აქვთ გადმოგდებული, აჩიკოს ეთქვა ორი სიტყვა. მაგის ძმას ძ..ერს რო ვწმინდავდი და სოზარი რომ მეუბნებოდა, ნუ გავაფუჭებთ, ბავშვია და აბა მირზა მიხედეო”.