საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივნის, მიქაელ ბოტკოველის თქმით, საპატრიარქო მოსკოვისა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოებს შორის განხეთქილებაზე ჯერჯერობით პოზიციას არ დააფიქსირებს.
ბოტკოველი მიიჩნევს, რომ მოსკოვის საპატრიარქომ არგუმენტებით გაამყარა თავისი პოზიცია უკრაინის ეკლესიასთან მიმართებით, თუმცა პოზიციის დაფიქსირებამდე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია შეისწავლის კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს პოზიციასაც და ამის შემდეგ ამ საკითხს სინოდის სხდომაზე განიხილავს.
„ძალიან სამწუხაროა, ის, რაც ხდება ეკლესიაში ორი მძლავრი ეკლესიის - კონსტანტინოპოლისა და რუსეთის საპატრიარქოს შორის.
ეს ძალიან რეზონანსული მოვლენაა და მართლმადიდებელ სამყაროში დიდ დისონანსს შეიტანს. ჩვენ მოვისმინეთ მსოფლიო საპატრიარქოს განჩინება უკრაინის ეკლესიასთან დაკავშირებით და ვნახეთ რეაქცია მოსკოვის საპატრიარქოსი, რომლებმაც ჯერ განაცხადეს, შემდეგ კი არგუმენტებით გაამყარეს, თუ რატომ არ ეთანხმებიან მსოფლიო საპატრიარქოს განჩინებას უკრაინასთან მიმართებით.
ჩვენ გულდასმით უნდა შევისწავლოთ არგუმენტები, რომლებიც აქვს მოსკოვის საპატრიარქოს და ალბათ იქნება არგუმენტები კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მხრიდანაც, თუ რის საფუძველზე მოახდინეს ცვლილება. ამიტომ სხვა კომენტარებისგან თავს შევიკავებთ“, - თქვა მიქაელ ბოტკოველმა საპატრიარქოს ტელევიზიის ეთერში.
პატრიარქის მდივნის თქმით, ეს არის კანონიკური სამართლის საკითხი, რომელიც საფუძვლიან გამოკვლევას საჭიროებს. საპატრიარქო კი შეისწავლის ორივე პოზიციას და ამის შემდეგ ამ თემაზე წმინდა სინოდი იმსჯელებს.
„ასეთი რეზონანასული გადაწყვეტილებები ადრე არ მიუღიათ მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში“, - დასძენს ბოტკოველი.