გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის ერთ-ერთი სავალდებულო პირობა „გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის“ გადახდის დამადასტურებელი ქვითრის აღებაა.
ქვითრის ფასი სეზონზე 10 ლარია.
აღნიშნული ქვითარი შარშან (2017 წელს) დაახლოებით 38 800-მდე პირმა მიიღო. 2016 წელს მათი რაოდენობა დაახლოებით 42 900 იყო, 2015 წელს კი - 40 400.
2018 წელს გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი აგვისტოში გაიხსნა. 2018 წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით აღნიშნული ქვითარი დაახლოებით 27 400 პირმა აიღო.
ფინანსთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, „გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე“ მოსაკრებლის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხულმა თანხამ 2015 წელს დაახლოებით 403 565 ლარი შეადგინა, 2016 წელს - 428 693 ლარი, 2017 წელს - 387 576, ხოლო მიმდინარე წლის იანვარი-აგვისტოს მონაცემებით - 274 385 ლარი.
„ლიბერალი“ ასევე დაინტერესდა, გადამფრენ ფრინველებზე უკანონო ნადირობის სულ რამდენი შემთხვევა აღინიშნა ბოლო სამი წლის განმავლობაში და შესაბამისი ინფორმაცია გარემოს დაცვის სამინისტროდან გამოვითხოვეთ.
მიღებული ინფორმაციის თანახმად, 2015 წელს სულ გამოვლინდა ნადირობის წესების დარღვევის 516 ფაქტი, 2016 წელს - 655, 2017 წელს კი - 383.
მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციით, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობისას ნადირობის წესების დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმების ოდენობამ ამ სამი წლის განმავლობაში საერთო ჯამში 97 320 ლარი შეადგინა, წესების დარღვევის შედეგად გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა კი - ჯამში 3 085 ლარი.
2018-2019 წლების სანადირო სეზონის დაწყების თარიღად მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე 18 აგვისტო გამოცხადდა. ნადირობის სეზონი ჯერ არ დასრულებულა.
ნადირობა აკრძალულია სახელმწიფო ნაკრძალებში, ეროვნულ პარკებსა და მათ გარშემო 500-მეტრიან ზონაში, ასევე, საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში.
იხილეთ ნადირობისათვის დაშვებული გადამფრენი ფრინველების სახეობების ჩამონათვალი, ნადირობის ვადები და დღიური ლიმიტები, ნადირობის ადგილების მიხედვით: