ორგანიზაცია „ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ“ ხელმძღვანელი მარი კორკოტაძე პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს აკაკი ზოიძეს, განათლების კომიტეტის თავმჯდომარეს მარიამ ჯაშს, ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს სოფიო კილაძეს და მის მოადგილეს რატი იონათამიშვილს, რეკომენდაციებით მიმართავს, რათა 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებს და არსებულ გამოწვევებს იყოს მორგებული.
დაფინანსების გაზრდის მიზნით რეკომენდაციები გაცემულია რამდენიმე მიმართულებით:
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური პაკეტი
„2019 წლის 1 იანვრიდან იგეგმება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სოციალური პაკეტის გაზრდა 20 ლარით, თუმცა ეს არ შეეხება მნიშვნელოვნად და ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და მათთვის დარჩება ისევ 100 ლარი. მიგვაჩნია, რომ სოციალური პაკეტის დანიშვნისას მსგავსი დიფერენცირება არის დისრკიმინაციული და მნიშვნელოვანია, რომ 2019 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ნებისმიერი პირის საციალური პაკეტის გაზრდა მოხდეს თანაბრად, მიუხედავად მათი სტატუსისა და ყველასთვის გახდეს 200 ლარი“, - ნათქვამია განცხადებაში.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სტომატოლოგიური მომსახურების დაფინანსება.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, იქედან გამომდინარე, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს და ზრდასრულებს ამ მიმართულებით აქვთ განსაკუთრებული საჭიროება, მნიშვნელოვანია საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შეიქმნას ცალკე სპეციალური პაკეტი მათი სტომატოლოგიური მომსახურების დაფინანსებისთვის (რომლის გათვალისწინებაც უნდა მოხდეს 2019 წლის ბიუჯეტში).
15 წლის ზევით აუტიზმის მქონე მოზარდების დაფინანსება.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მუნიციპალური პროგრამები არ ითვალისწინებენ 16 წლის ზევით აუტიზმის მქონე მოზარდების დაფინანსებას, ამიტომ ისინი უნდა დაფინანსდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან და დაფინანსებისთვის საჭირო თანხა უნდა აისახოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში.
თემზე დაფუძნებული საოჯახო ტიპის საცხოვრებლებისთვის დაფინანსების გაზრდა
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, დღეს ფსიქიატრიული კლინიკებში მცხოვრებ ადამიანთა (ე.წ. ქრონიკული პაციენტების) ყოფას ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო აფინანსებს დღეში 23 ლარით, დუშეთის შშმ პირთა პანსიონატში თითოეული შშმ პირის შენახვა სახელმწიფოს უჯდება 29 ლარი, მარტყოფსა და ძევრის პანსიონებში 25 ლარი, მაშინ როდესაც ალტერნატიულ სათემო სერვისებში დღიური დაფინანსება ბენეფიციარზე შეადგენს მხოლოდ 16 ლარს, რაც დღევანდელ პირობებში არ აძლევს სერვისს არა თუ განვითარების, არამედ არსებობის საშუალებასაც კი.
ინკლუზიური განათლების განვითარების ხელშეწყობა-ინდივიდუალური სპეცმასწავლებლების როლის გაძლიერება.
ორგანიზაციის რეკომენდაციით, იმისათვის რომ მოხდეს ქცევის დარღვევის მქონე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს სრულფასოვანი ჩართვა საგაკვეთილო პროცესში და არ მოხდეს მათი გარიყვა საგანმანათლებლო სისტემიდან, აუცილებელია, რომ მათ დაენიშნოთ ინდივიდუალური სპეცმასწავლებელი, რომელიც დაეხმარება საგნის მასწავლებელს, რომ მოსწავლე იყოს სრულად ჩართული საგაკვეთილო პროცესში. სწორედ ამიტომ, აუცილებელია 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებულ იქნას თანხები ინდივიდუალური სპეცმასწავლებლების დანიშვნისა და მათი ხელფასების გადახდის მიზნით.
ბავშვთა ადრეული განვითარების და რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამების ბიუჯეტის გაზრდა.