თბილისის სხვადასხვა კლუბისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებული 8 პირიდან ერთ-ერთის, ქეთი მურუსიძის ადვოკატი გია გოროზია ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფისგან საკონტროლო შესყიდვის 5-დან 3 შემთხვევაში გაყიდული ნივთიერება პარაცეტამოლს წარმოადგენს [ექსპერტიზის დასკვნით].
ადვოკატის თქმით, აღნიშნული მტკიცდება ექსპერტიზის დასკვნით.
„3 საკონტოლი შესყიდვის დროს, ქეთი მურუსიძისგან აგენტმა პროვოკატორმა შეიძინა პარაცეტამოლი, რაც დადგენილია ექსპერტიზის დასკვნით და საქმეშიც დევს ეს მტკიცებულება“, - ამბობს გოროზია.
თუმცა, როგორც ადვოკატი განმარტავს, მურუსიძისგან სულ 5 საკონტროლო შესყიდვა აღინიშნა და 2 შემთხვევაშიც მურუსიძემ პარაცეტამოლი გაყიდა, თუმცა, დაცვის მხარის პოზიციით, „აგენტმა პროვოკატორმა" ის შემდგომ ნარკოტიკული საშუალებით შეცვალა.
„სულ მოხდა 5 შესყიდვა, 5-დან 3 იყო პარაცეტამოლი. 2-ზე ამოვიდა ნარკოტიკული ნივთიერება. ამ 2 შემთხვევაშიც მურუსიძემ ისევ პარაცეტამოლი გაყიდა, თუმცა „აგენტმა პროვოკატორმა" შეცვალა ეს ნივთიერებები, სანამ გამომძიებელთან მიიტანდა. დიდი ალბათობით „აგენტ პროვოკატორს" უსაყვედურეს და შეცვალა ეს წამალი ნარკოტიკული საშუალებით“, - ამბობს ადვოკატი.
ამასთან, მისი თქმით, ბრალდებულის დაკავებისას არაფერი არ ამოუღიათ, მათ შორის, არც ბინის ჩხრეკისას. „არანაირი ნივთიერება, არც ტკივილგამაყუჩებელი, არც ნარკოტიკული საშუალება“.
პროკურატურის განცხადებით, ქ. თბილისში, კოსტავას ქუჩა N75-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ბრალდებულმა ქ.მ-მ 0,0824 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს 1 ცალი აბი, 100 ლარად და 0,3874 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს 4 ცალი აბი და აბის 2 ნატეხი, 500 ლარის საფასურად უკანონოდ გაასაღა.
დღეს პროკურატურა გამოეხმაურა ადვოკატების განცხადებას და აღნიშნა, რომ ადვოკატების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ გასაღების ფაქტზე დაკავებული პირები ყიდდნენ ციტრამონს და პარაცეტამოლს, არის ტყუილი და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.
„ყველა დაკავებული პირისგან, საკონტროლო შესყიდვებისა და შემდგომში ჩხრეკის დროს, ამოღებულია სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალება, რაც დადასტურებულია ექსპერტიზებით და საქმის მასალები სრულად აქვს გადაცემული დაცვის მხარეს. ამასთან, რამდენიმე ბრალდებულისგან ნარკოტიკული საშუალებების გარდა, ასევე ამოღებულია არანარკოტიკული მედიკამენტები და მათ მფლობელებს ბრალი არ წარდგენიათ", - ამბობს პროკურატურა.
საკითხს ასევე გამოეხმაურა შინაგან საქმეთა სამინისტროც. მათი თქმით, ხშირია შემთხვევები, როდესაც ნარკოტიკული საშუალებების რეალიზატორები „ახალ კლიენტებზე“ ასაღებენ ე.წ „ფეიქებს,” - არანარკოტიკულ საშუალებებს, სანამ საბოლოო ნდობაში არ შევლენ მათთან.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ ერთ-ერთი ბრალდებულის, ქეთი მურუსიძისგან საკონტროლო შესყიდვის დროს 5-დან 3 შემთხვევაში შეძენილ იქნა არანარკოტიკული საშუალებები. მათივე განმარტებით, არანარკოტიკული ნივთიერება აღმოჩნდა ბრალდებულ ლაშა მამულაიშვილისგან შესყიდვის შემთხვევაშიც.