„იმის გამო, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული, უპირობოდ მხარი დავუჭიროთ კონსტანტინოპოლის ეკლესიას, არასწორია“,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განუცხადა.
ბოტკოველის თქმით, სინოდის სხდომაზე გადაწყდება, რა პოზიცია ექნება საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით. მისი შეფასებით, ეს საკითხი ძალიან მძიმე შედეგებს შემოიტანს მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის ურთიერთობებში, თუ ორ დიდ საპატრიარქოს შორის ეს კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდება.
„ამ ეტაპზე ჩვენ ვისმენთ ორ ეკლესიას შორის დავას ტერიტორიულ საზღვრებთან დაკავშირებით. კონსტანტინოპოლის ეკლესია ასაბუთებს, რომ მას აქვს უფლება ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტილებები უკრაინასთან მიმართებაში და მოსკოვის საპატრიარქო ეწინააღმდეგება კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ამ პოზიციას. მათ შორის დავა კანონიკური სამართლის ნორმებით უნდა გადაწყდეს, ეს უცილობელია. იმის გამო, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული, უპირობოდ მხარი დავუჭიროთ კონსტანტინოპოლის ეკლესიას, არასწორია. ვიდრე არგუმენტები საფუძვლიანად არ იქნება ჩამოყალიბებული და საეკლესიო სამართლის ნორმებით არ იქნება ეს პოზიცია გამყარებული, მანამდე ჩვენ, რა თქმა უნდა, პოზიციის დაფიქსირებისგან თავს შევიკავებთ. ამავე დროს, დაველოდებით სხვა მართლმადიდებელი ეკლესიების პოზიციების დაფიქსირებას – როგორ ფიქრობენ ისინი და რა პოზიცია მიაჩნიათ მათ მართებულად. ამ პოზიციებში კარგად გარკვევის და შეჯერების შემდეგ, ამაზე უკვე წმინდა სინოდი იმსჯელებს, თუ რა პოზიცია უნდა დაიკავოს საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ. ეს საკითხი აუცილებლად წმინდა სინოდის სხდომაზე უნდა გადაწყდეს, რადგან მღვდელმთავრებმა აუცილებლად უნდა დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია ამ საკითხზე“, - განაცხადა ბოტკოველმა.