ნარჩენების სეპარირებისთვის განკუთვნილი სტენდი, რომელშიც ნარჩენები შერეულად იყრებოდა, ექსპლოატაციაში არ იყო შესული და იყო დაზიანებული, რამაც გამოიწვია გაუგებრობა - ასე ეხმაურება გარემოსდაცვითი ორგანიზაცია CENN სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, რომელშიც ჩანს, თუ როგორ ყრია ნარჩენები შერეულად სეპარირებისთვის განკუთვნილ სტენდში, რომელის შიგნითაც გამყოფი კედელი არ იყო.
ვიდეო Facebook-ზე მომხმარებელმა გაავრცელა.
„გვინდა, ფართო საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ ქალაქ თბილისში ამ ეტაპზე CENN-ის, ნარჩენების მართვის ასოციაციის (WMA), ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ურთიერთთანამშრომლობით მიმდინარეობს 13 სეპარაციის სტენდის დადგმა ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე, რაც მოსახლეობას მისცემს საშუალებას, მოახდინოს ნარჩენების სეპარირებული შეგროვება.
აღსანიშნავია, რომ სეპარაციის ეს 13 სტენდი ჯერ არ არის შესული ექსპლუატაციაში, ამიტომ ყველა სტენდი დალუქულია. სამწუხაროდ, ადგილი ჰქონდა ერთერთი სტენდის დაზიანებას, რამაც გამოიწვია გაუგებრობა.
სეპარაციის სტენდების ექსპლუატაციაში შესვლა მოხდება ნოემბრის თვიდან, რაზეც ინფორმაციას დამატებით მივაწვდით საზოგადოებას. სწორედ ამ პერიოდიდან მოსახლეობა შეძლებს აღნიშნულ 13 სტენდში განათავსოს სეპარირებული ნარჩენები. აქვე გვინდა შეგახსენოთ, რომ ქალაქში უკვე ერთი წლის განმავლობაში ფუნქციონირებს სეპარაციის 10 სტენდი, რომელიც დადგმულია USAID/WMTR II/CENN პროგრამის ფარგლებში.
თითოეულ სტენდში განთავსდება ოთხი კონტეინერი ქაღალდის, პლასტმასას ბოთლების (PET), ალუმინისა და შუშის ნარჩენის შესაგროვებლად. შეგროვებული ნარჩენების ტრანსპორტირების შემდეგ მოხდება მათი წინასწარი დამუშავება და გადაცემა შესაბამის გადამამუშავებელ კომპანიებში საქართველოსა და ქვეყნის გარეთ. დღესდღეობით საქართველოში ფუნქციონირებს სხვადასხვა მცირე ზომის საწარმო, რომელიც ახდენს ნარჩენების გადამუშავებას" - ნათქვამია CENN-ის განცხადებაში.