შინაგან საქმეთა სამინისტრო გუშინ, დედაენის ბაღში მიმდინარე მოვლებენს ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს. უწყების პოზიციით, ზურაბ ჯაფარიძემ ფესტივალის მიმდინარეობისას სხვადასხვა პირზე გაასაღა სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა.
შსს აცხადებს, რომ ვინაიდან ზურაბ ჯაფარიძე პრეზიდენტობის კანდიდატია, სამართალდამცველებმა მას შესთავაზეს საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად, პოლიციის განყოფილებაში გაყოლა.
შსს-ს თქმით, ზურაბ ჯაფარიძე პოლიციას განყოფილებაში გაჰყვა ნებაყოფლობით, სადაც მას ჩაუტარდა ჩხრეკა გადაუდებელი აუცილებლობით და გამოკითხვის შემდეგ დატოვა პოლიციის დაწესებულება.
მის მიმართ ჩატარებული ჩხრეკის შესახებ საარჩევნო კოდექსის 103-ე მუხლის საფუძველზე, ცესკოს ინფორმირების მიზნით, ეცნობა საქართველოს პროკურატურას.
შსს ამბობს, რომ ნარკოტიკული საშუალებების (მათ შორის მარიხუანას) პოპულარიზაციის, მოხმარების წახალისების და გასაღების წინააღმდეგ ბრძოლა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და საჯარო სივრცეში ნარკოტიკული საშუალების მოხმარების, პოპულარიზაციის და გასაღების ნებისმიერი მსგავსი მცდელობა დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი სამართალდამცველების მიერ.
ფოტო: მარი ნიკურაძე/ OC MEDIA