Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„m2 კორპუსების აშენებას გეგმავს იქ, სადაც ადგილობრივები სკვერის აშენებას ითხოვდნენ" - ბაქრაძე

22 ოქტომბერი, 2018 17:00

ქალაქმგეგმარებელი ზურაბ ბაქრაძე ქალაქის მერს ღია წერილით მიმართავს, რომელშიც წერს, რომ ურბანული განვითარების სამსახურში შესულია დეველოპერული კომპანია m²-ის განცხადება, მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობისთვის ფოცხვერაშვილის, კონსტიტუციის, ნინოშვილისა და ჩუბინაშვილის ქუჩებს შორის კვარტალის განაშენიანების გეგმის შექმნაზე დავალების მისაღებად.

ბაქრაძის ინფორმაციით, ამავე ტერიტორიაზე წლებია, ადგილობრივები პარკის მოწყობას მოითხოვენ.

მისივე თქმით, საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ურბანული სამსახურის ახალი უფროსი ალექსანდრე ტოგონიძე წარსულში M2 -ის თანამშრომელი იყო. 

ალექსანდრე ტოგონიძე თბილისის ურბანული განვითარების სამსახურის უფროსად აგვისტოში დაინიშნა და ამავე სამსახურის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, 2018 წლის ივნისამდე ის M2-ში პროექტის მენეჯერი იყო. 

თბილისის არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე განთავსებულია M2-ის განცხადება, რომელიც მიმდინარე წლის სექტემბერშია შეტანილი, ურბანულ სამსახურში განსახილველად. 

განცხადების მიხედვით, კომპანია მოითხოვს მითითებული ტერიტორიის კვლევას შემდგომი გრგ-ს დასამუშავებლად, სადაც ძირითადი დაგეგმარების მიზანი იქნება საცხოვრებელი უბნის განაშენიანების რეგულირების გეგმის მომზადება.

განცხადების მიხედვით, „ტერიტორია  გაყოფილი იქნება ორ სივრცეთ, ერთი იქნება კეთილმოწყობილი სკვერი 3500 კვ/მ-მდე და მის გარშემო განაშენიანებული საცხოვრებელი უბანი და მეორე სივრცე იქნება საზოგადოებრივი დანიშნულების პიაცას ტიპის, რომელიც კავშირში იქნება სკვერსა და მიმდებარე უბნის ქსელთან. მითითებული სივრცე იქნება პიაცას ტიპის მოედანი, სადაც განთავსდება მრავალფუნქციური სპორტული მოედანი, გასართობი და თავშეყრის ღია და დახურული სივრცეები, საფეხმავლო ბილიკები და საზოგადოებრივი დანიშნულების მცირე ზომის ობიექტები,  რაც ხელს შეუწყობს უბნის განვითარებას და მიმზიდველ გარემოს შექმნის ტურისტებისთვის.    
აღნიშნული ცვლილებით, ტერიტორიის არასწორად განვითარების საფრთხე  არ არსებობს და სრულად ჯდება არსებული განაშენიანების კონცეფციაში" - წერია განცხადებაში. 

ინფორმაციის გადამოწმება ვცადეთ დეველოპერულ კომპანიაში. 

კომპანიაში განგვიცხადეს, რომ მიწა მათ  არ ეკუთვნით და  განაშენიანებასთან დაკავშირებული შეკითხვებით მერიას უნდა მივმართოთ. 

გთავაზობთ ზურაბ ბაქრაძის ღია წერილს უცვლელად. 

ღია წერილი თბილისის მერს, 
ბატონ კახა კალაძეს

ბატონო კახა,

მერიის ოფიციალური ინფორმაციით, ურბანული განვითარების სამსახურში შესულია დეველოპერული კომპანია m²-ის განცხადება, მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობისთვის ფოცხვერაშვილის, კონსტიტუციის, ნინოშვილისა და ჩუბინაშვილის ქუჩებს შორის კვარტალის განაშენიანების გეგმის შექმნაზე დავალების მისაღებად.

ეს ტერიტორია ათწლეულების მანძილზე იყო სპორტული კომპლექსი, რომელსაც უბნის მოსახლეობა სარეკრეაციოდ იყენებდა, სანამ მას საბოლოოდ გაანადგურებდნენ. მოქალაქეები დღემდე მოითხოვენ ამ შესაძლებლობის მათთვის დაბრუნებას - მათ ბოლო თვეებში 500-მდე ხელმოწერით მერიას და ამდენივე ხელმოწერით საკრებულოს მიმართეს აქ პარკის მოწყობის მოთხოვნით, რადგან იმედი აქვთ თქვენი დაპირებისა საქალაქო გამწვანებული სივრცეების განვითარების შესახებ.

უბანში გამოკითხვებმა ცხადყვეს, რომ მცხოვრებთა უმძიმესი საცხოვრებელი გარემოს არსებობაში ერთ-ერთ მთავარ როლს სარეკრეაციო სივრცის არარსებობა ასრულებს - გამოკითხულთა თითქმის 100-მა პროცენტმა უბანში პარკის მოწყობა მოითხოვა.

ამ მოთხოვნის საფუძვლიანობას ადასტურებენ „პლეხანოვის“ უბანში ბოლო 1,5 წლის განმავლობაში ჩატარებული სხვა ქალაქმშენებლური კვლევებიც.

რამდენიმე დღის წინ მოქალაქეებისთვის ცნობილი გახდა, რომ ყველაფერი ზემოთ აღწერილის მიუხედავად მერია ამ დავალების გაცემას მაინც აპირებს, რაც ჩვენში გავრცელებული საქმისწარმოების პირობებში, აუცილებლად გამოიწვევს აღნიშნული ტერიტორიის მრავალსართულიან განაშენიანებას.

გთხოვთ, ყური უგდოთ მოქალაქეთა სამართლიან მოთხოვნას, არ დაუშვათ ასეთი დავალების გაცემა და გადადგათ ნაბიჯები ამ ადგილზე პარკის მოსაწყობად. ეს იქნება საწინდარი „პლეხანოვის“ უბნის კომპლექსური გაჯანსაღებისა, რაც შესაძლოა თბილისის ისტორიული უბნების რეაბილიტაციის საპილოტე ღონისძიებად იქცეს.

პატივისცემით
ზურაბ ბაქრაძე - ქალაქმგეგმარებელი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^