კოპენჰაგენში საერთაშორისო ანტიკორუფციულ კონფერენციაზე, რომელიც ყოველ წელს იმართება და კორუფციასთან დაკავშირებით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კონფერენციაა მსოფლიოში, თეა წულუკიანმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" გააკრიტიკა და თქვა, რომ ერთი ორგანიზაცია საუბრობს საქართველოში მოქმედი ყველა არასამთავრობო ორგანიზაციის სახელით.
„სამწუხაროდ, აღმოვჩნდით სიტუაციაში, როდესაც ერთი ორგანიზაცია მთელი არასამთავრობო სექტორის სახელით ლაპარაკობს და შემდეგ ამის გამო ხდება კოლეგებისგან კრიტიკის ობიექტი, თუმცა ეს არ არის მთავრობის საქმე.
ეს შიდა დაპირისპირებაა არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის და, რა თქმა უნდა, აქ განხილვის საგანი ვერ გახდება. ბატონი ონიანის აქ დასწრება ადასტურებს, რომ სამოქალაქო სექტორი საქართველოში ძალიან ძლიერია. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ შეუძლიათ, გავლენიანები იყვნენ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ გავიდნენ ქვეყნის გარეთ და გამოედევნონ იუსტიციის მინისტრს დანიაში" - თქვა თეა წულუკიანმა.
„როგორც საფრანგეთში განათლებამიღებულ ადამიანს, მასწავლეს, რომ ყველა შეკითხვას პასუხი სამ ნაწილად უნდა გაეცეს. მე ორ ნაწილად გავცემ პასუხს ამ შეკითხვას. მეორე ნაწილი არის ის, რომ თავს შევიკავებ უფრო ღრმად საუბარში შესვლისგან, რადგან ცოტა ხნის წინ საქართველოში დიდი სკანდალი იყო „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ უფროსის ირგვლივ. იგი იყო შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი ყოფილი ხელისუფლების დროს და ჩვენი საზოგადოების ხელთ არსებული დოკუმენტები ადასტურებს, რომ შესაძლოა, მას ხელი შეეწყო 2007 წლის 7 ნოემბრის მშვიდობიანი მანიფესტაციის დაშლისთვის. ახლა საქმისწარმოება გრძელდება სასამართლოში, სადაც იგი არის მოსარჩელე და უარს ამბობს სასამართლოში გამოცხადებაზე პასუხის გასაცემად... ამიტომაც არ მინდა, უფრო ღრმად შევიდე დისკუსიაში, რადგან საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ TI-ის უფროსი 2007 წელს, როცა მაღალჩინოსანი იყო, სავარაუდოდ, ხელს უწყობდა მშვიდობიანი მანიფესტაციის დაშლას" - თქვა წულუკიანმა.
კონფერენციას ესწრება „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე გიორგი ონიანიც.
„ლიბერალთან" საუბარისას ონიანმა თქვა, რომ მინისტრი წულუკიანი მისმა შეკითხვამ გააღიზიანა, რომელიც საქართველოში კორუფციასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და OGP-ს შეეხებოდა.
„ეს იყო პანელი, რომელსაც ერქვა „კორუფციასთან ბრძოლა, ღია მმართველობა პარტნიორობის გზით". წულუკიანი სხვა მთავრობებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად იღებდა ამ პანელში მონაწილეობას. მან ისაუბრა OGP-ისთან მიმართებით და თქვა, რომ სამოქმედო გეგმა საზოგადოებასა და სამოქალაქო სექტორთან კონსულტაციის გზით შეიქმნა. მე ამის საპასუხოდ კითხვა დავსვი და ვთქვი, რომ სამოქალაქო სექტორის შეფასებით OGP ჩავარდა და ასევე წარუმატებელი იყო საქართველოს თავმჯდომარეობა. ვისაუბრე კორუფციაზე და ვახსენე გამჭირვალობის სათავო ოფისის ბოლო განცხადება. ბოლოს კი ვთქვი, რომ ამ ყველაფრის საპასუხოდ მთავრობა სამოქალაქო სექტორს ესხმის თავს. ჩემი ამ გამოსვლის შემდეგ თქვა ის, რაც მოისმინეთ. ეს სრულიად მოულოდნელი იყო ჩვენთვის. საერთაშორისო კონფერენიაზე გოგა ხაინდრავას ნარატივით „კაპიტანი გიგაური" თუ დაიწყება საუბარს, ვერ ვიფიქრებდით" - განუცხადა „ლიბერალს" გიორგი ონიანმა.