Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რატომ ვერ მკურნალობს ტუბერკულოზის ცენტრი აზერბაიჯანიდან გამოქცეულ ტრანსგენდერ ქალს

23 ოქტომბერი, 2018 17:08

ტუბერკულოზით დაავადებული აზერბაიჯანელი ტრანსგენდერი ქალი, რომელიც მშობლიური ქვეყნიდან ტრანსფობიური ნიშნით ძალადობას გამოექცა, საქართველოში ტუბერკულოზის მკურნალობის სერვისს და პრეპარატებს ვეღარ იღებს.

ექიმების თქმით, მას ტუბერკულოზის არაგადამდები ფორმა აქვს, საქართველოში მოქმედი პროგრამის მიხედვით კი, სამკურნალო პროგრამა არაგადამდები ფორმის ტუბერკულიოზის შემთხვევაში მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის არის გათვალისწინებული.

პაციენტი ვერც კერძო დაწესებულებებში იმკურნალებს, რადგან ტუბერკულოზის სამკურნალო პრეპარატები არც აფთიაქებში იყიდება და არც კერძო კლინიკებს აქვთ - ამის შესახებ „ლიბერალს“ ტუბერკულოზის ცენტრის დირქტორის მოადგილემ უთხრა.

ცენტრში თანამშრომლებმა პაციენტს, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც, მისი თანმხლები პირის თქმით, უარესდება, უთხრეს, რომ მკურნალობისთვის აზერბაიჯანში უნდა დაბრუნდეს, იქ, საიდანაც სახელმწიფო ზეწოლას გამოექცა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „თანასწორობის მოძრაობის" წარმომადგენელი ირა სილანტევა „ლიბერლთან" საუბარში ჰყვება, რომ ტრანსგენდერი ქალი აზერბაიჯანში სახელმწიფო რეპრესიის მსხვერპლია. იგი ლგბტ თემის წარმომადგენლებზე სახელმწიფო რეიდის დროს დააპატიმრეს და საპყრობილეში ტუბერკულოზით დაინფიცირდა. საერთაშორისო ორგანიზაციის დახმარებით ის გადმოიყვანეს საქართველოში, სადაც ტუბერკულოზის გადამდები ფორმა დაუდგინდა და სამკურნალოდ ტუბერკულოზის ცენტრში დააწვინეს. 

ტრანსგენდერი ქალი ცენტრში მკურნალობას რამდენიმე თვე გადიოდა, შემდეგ გამოწერეს, თუმცა მისი მდგომარეობა გართულდა და ერთ კვირის წინ ისევ მიიყვანეს ცენტრში, სადაც მას გადამდები ფორმა არ დაუდგინდა და გამოუშვეს. 

მას შემდეგ, როგორც სილანტევა გვიყვება, პაციენტის მდგომარეობა მნიშვნელოვნად დამძიმდა, რის გამოც ხელმეორედ მიიყვანეს ტუბერკულოზის ცენტრში, სადაც უთხრეს, რომ პაციენტს გადამდები ფორმა არ აქვს, ვერ დატოვებენ სტაციონარში და ვერც მკურნალობის სერვისს მიაწვდიან. ექიმმა პაციენტის თანმხლებ პირს რამდენჯერმე განუმარტა, რომ ის ამისთვის აზერბაიჯანში უნდა დაბრუნდეს. სილანტევა ჰყვება, რომ პაციენტს ექიმები ტრანსფობიურად ეპყრობოდნენ.

„დაუმძიმდა სიტუაცია, დაემართა პნევმონია. არც ერთი ჰოსპიტალი არ იღებდა. ეს არ არის ჩვენი პროფილიო. ტუბერკულოზის ცენტრში უნდა იმკურნალოსო. ტუბცენტრი უარს ამბობს, არ არის ჩვენი მოქალაქეო. ძალიან მძიმე სიტუაცია აქვს. შეიძლება, რამდენიმე თვის სიცოცხლე დარჩა. გუშინ რომ ავიყვანე, სცენები დადგეს, რომ არ არის ქვეყნის მოქალაქე და გოგოა, ბიჭია, ვერ გაარკვიეს. უი, მანიკური უსვიაო, - ამბობდნენ ყველა გაზომვაზე. ალბათ, კლუბში იყავი და ამიტომ გახდი ცუდადო. არ უნდა იყო ასე ცუდადო. არც სიცხე გაუზომეს. აგდებული დამოკიდებულება ჰქონდათ, რომ მისი პრობლემაა და უნდა წავიდეს, სხვა ქვეყანაში იმკურნალოს" - ამბობს სილანტევა. 

ტუბერკულოზის ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა ალადაშვილმა „ლიბერალს" უთხრა, რომ პაციენტს უმკურნალეს, როდესაც მას დაავადების გადამდები ფორმა ჰქონდა, თუმცა არაგადამდები ფორმის შემთხვევაში სახელმწიფო რესურსები მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის არის გათვალისწინებული. რაც შეეხება პაციენტის მიმართ ტრანსფობიურ მოპყრობას, ალადაშვილი ბრალდებებს აბსურდსა და სისულელეს უწოდებს. „მაგას რომ ეგ პრობლემა შექმნოდა,აქ მოვიდოდა?!" - ამბობს დირექტორის მოადგილე. 

„უცხო ქვეყნის მოქალაქის მკურნალობას, რომელიც ჩვენთან არის დროებით და არის ბაცილგამომყოფი, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის  მოქალაქეები და სხვები, ამას ფარავს პროგრამა. როცა ის არ გამოყოფს ბაცილას (არ აქვს გადამდები ფორმა) და მით უმეტეს ნამკურნალებია. როცა იმან თავის ქვეყანაში უნდა გააგრძელოს მკურნალობა, ამას სერვისი არ ფარავს, რადგან საკმაოდ სოლიდური სერვისია. მაგ პაციენტზე 32 ათასზე მეტია დახარჯული. წარმოიდგინეთ, ასეთი სახელმწიფო ფინანსური რესურსია, ამ დროს აზერბაიჯანს ეს რესურსი აქვს" - ამბობს ალადაშვილი. 

შეკითხვაზე, არის თუ არა შესაძლებელი, რომ მან საქართველოში რომელიმე კერძო დაწესებულებაში განაგრძოს ტუბერკულოზის მკურნალობა, ალადაშვილი პასუხობს, რომ კომერციულად ეს წამლები საქართველოში არ იყიდება.

„ტუბერკულოზური პრეპარატები სხვა ქსელში არ იყიდება. უნდა წავიდეს და თავის ქვეყანაში იმკურნალოს. უნდა წავიდეს. ვერ მიდის, ეგ უკვე გამორიცხულია. მთელ მსოფლიოში ასეა მიღებული. ძნელია, მესმის თავისი სოციალური მომენტები და ა.შ. აქვს, მაგრამ ჯობია, ეს სერვისი მიიღოს და გადავიდეს სხვა ქვეყანაში ან მიიღოს სხვა ქვეყნის მოქალაქეობა. ეს სერვისი ყველა ქვეყანას აქვს მხოლოდ თავისი მოქალაქეებისთვის. თუკი ვერ წავიდა, მაშინ ადამიანს უკეთებენ დეპორტს. მოდი, ნუ მიზეზობთ, უნდა წავიდეს" - ამბობს ალდაშვილი. 

„ლიბერალი" ჯანდაცვის სამინისტროს შეკითხვით დაუკავშირდა, არიან თუ არა ინფორმირებულნი პროგრამის ამ შეზღუდვის შესახებ და როგორ უნდა მოიქცნენ ამ დროს უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნებას ობიექტური მიზეზების გამო ვერ ახერხებენ. მასალა მათი პასუხის მიღებისთანავე განახლდება. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^