„ვნახეთ ჩვენ საზოგადოების რეაქცია, მათ შორის საპატრიარქოსი, მთელმა გუნდმა ანგარიში გავუწიეთ და შევაჩერეთ ეს კანონნპროქტი", - ასე უპასუხა ბიძინა ივანიშვილმა კანაფის წარმოებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.
„შფოთვა, რომელიც გამოავლინა საზოგადოებამ [მასზე], ადეკვატური იყო რეაქცია გუნდის მხრიდან, კანონპროექტი არის შეჩერებული, გაგრძელდება მასზე მსჯელობა, მათ შორის საპატრიარქოსთან. თუ დავრწმუნდებით, რომ ეს მართლაც ხიფათის შემცველია, ჩვენი გუნდი არასდროს არ წასულა საზოგადოების წინააღმდეგ, არ წავა არც ახლა... წარმოება არ არის იოლი, მაგრამ მთავარია ჩვენი საზოგადოება და მათი რეაქცია. ჩვენ დიდ ანგარიშს ვუწევთ ჩვენს ეკლესიას, ძალიან დიდი პატივს ვცემთ ილია მეორეს, მეუფე შიოს, სხვა მეუფეებს, ვინც შეშფოთდნენ და რეაქციაც იყო ადეკვატური", - განაცხადა ივანიშვილმა.
მისი თქმით, სამედიცინო და კოსმეტიკური მიზნით მარიხუანის წარმოებას თავად მხარს უჭერს; ასევე, ძალიან დიდი ხიბლია იმაში, რომ შესაძლოა ქვეყანამ დამატებით 1-2 მილიარდის ექსპორტიც მოახერხოს.
„რენტაბელობა ძალიან დიდია, რაც ჩემთვის ძალიან საინტერესოა, 500%-ზე მეტია, და არის ძალიან დიდი ობიექტური გათვლები იმისა, რომ მილიარდი დოლარის და უფრო მეტის ექსპორტი განხორციელდეს 1, 2 და 3 წელში. ქვეყნები მინდა ჩამვთვალო, რომლებიც აწარმოებენ და ექსპორტზეც გააქვთ, აშშ, ინგლისი, ისრაელი, საბერძნეთი, იტალია, ასევე უზბეკეთი", - განაცხადა ივანიშვილმა.