საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტად გიორგი ათაბეგაშვილი აირჩიეს. სასტუმრო „ბილტმორში“ გამართულ ყრილობაზე, 41 დელეგატიდან 40-მა მხარი მას დაუჭირა.
ათაბეგაშვილი ერთადერთი კანდიდატი იყო. ყრილობაზე დანარჩენმა კანდიდატებმა - დავით ქევხიშვილმა, დავით ხახალეიშვილმა, გიორგი ალექსიძემ და დავით ხახუტაშვილმა კანდიდატურები მოხსნეს.
გიორგი ათაბეგაშვილი აქამდე ფედერაციაში გენერალური მდივნის თანამდებობას იკავებდა.
ყრილობის დაწყებამდე პრეზიდენტის არჩევნებს უნდობლობა გამოუცხადა საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანმა, ვარლამ ლიპარტელიანმა.
მისი თქმით, ათაბეგაშვილი ყოფილი პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის კადრია და მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში ქევხიშვილის პოლიტიკა გაგრძელდება.
„ჩვენ უნდობლობას ვუცხადებთ მათ და ვამბობთ, რომ როგორც დღეს მიდის არჩევნები, ამით სიტუაცია ძიუდოში არ დალაგდება“, - თქვა ლიპარტელიანმა ჟურნალისტებთან.
ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანი და წევრები წინა პრეზიდენტს დავით ქევხიშვილს გაზაფხულზე დაუპირისპირდნენ. მათ გაავრცელეს მიმართვა და გამართეს საპროტესტო აქციები ქევხიშვილის გადადგომას მოთხოვნით.