არასამთავრობო ორგანიზაციები აქტივისტ გიგა მაქარაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ და ამბობენ, რომ მის მიმართ განხორციელდა შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი მოპყრობა,. ორგანიზაციები მოუწოდებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქმე დროულად და ეფექტიანად გამოიძიოს. ისინი ასევე მოითხოვენ, თანამდებობიდან გათავისუფლდეს თეიმურაზ მანველიშვილი, რომელმაც მაქარაშვილს ნაგვით სავსე ურნა თავზე ჩამოამხო. გთავაზობთ განცხადებას:
„განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ საჯარო მოხელის მიერ ჩადენილი ძალადობრივი ქმედების მიუხედავად, ამ დრომდე არ მომხდარა თეიმურაზ მანველიშვილის თანამდებობიდან გათავისუფლება. შესაბამისად, მოვითხოვთ, დადგეს თეიმურაზ მანველიშვილის, როგორც საჯარო მოხელის, დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან.
2018 წლის 10 ოქტომბერს, სამოქალაქო აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა თანამოაზრეებთან ერთად გამართა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია გორის მერიასთან. აქტივისტები აპროტესტებდნენ გორის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც მან საქართველო აგვისტოს ომის დაწყებაში დაადანაშაულა. გიგა მაქარაშვილის განცხადებით, აქტივისტები ითხოვდნენ გორის მერისგან ბოდიშს და ახორციელებდნენ პერფომანსს, რაც გამოიხატებოდა გორის მერიასთან ხორბლისა და ფუნის დაყრით. აქციის დასრულებისას, როდესაც აქტივისტები აწესრიგებდნენ მერიის მიმდებარე ტერიტორიას, გორის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი, თეიმურაზ მანველიშვილი, გიგა მაქარაშვილს მოულოდნელად დაესხა თავს და ნაგვით სავსე ურნა თავზე ჩამოამხო. არსებობს მომხდარის ამსახველი ვიდეო-მასალაც, რომელიც ერთ-ერთი ტელეკომპანიის კამერამ შემთხვევით გადაიღო და მოგვიანებით სოციალურ ქსელებში გავრცელდა.
გიგა მაქარაშვილის წინააღმდეგ განხორციელებულ ამ ქმედებაზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (1) მუხლით (ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) – რაც, ხელმომწერი ორგანიზაციების აზრით, საქმის არასწორი კვალიფიკაციაა.
მოვითხოვთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე გადააკვალიფიციროს და გამოძიება წარმართოს სისხლის სამართლის კოდექსის 144 ტერცია მუხლის მე-2 (ა) პუნქტის მიხედვით (დამამცირებელი მოპყრობა, ჩადენილი მოხელის მიერ) და 161-ე მუხლის პირველი ნაწილით (შეკრების უფლების განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა ძალადობით). აშკარაა, რომ თეიმურაზ მანველიშვილი მიზნად ისახავდა გიგა მაქარაშვილის დასჯას და დამცირებას, რაც განსაკუთრებით უარყოფითად აისახა გიგა მაქარაშვილის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. გიგა მაქარაშვილის ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) იურისტი იცავს. ამ დრომდე გიგა მაქარაშვილს არ აქვს დაზარალებულის სტატუსი, რაც ხელს უშლის მიიღოს სრული ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით.
ხაზგასასმელია, რომ გამოძიების მსვლელობის ფარგლებში ჯერ კიდევ არ მომხდარა თეიმურაზ მანველიშვილის გამოკითხვა და ის კვლავ ინარჩუნებს გორის მერიაში დაკავებულ თანამდებობას, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ვიდეომასალა, სადაც ნათლად ჩანს მის მიერ ჩადენილი ძალადობრივი ქმედება.
საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 78-ე მუხლის თანამხად დისციპლინარული პასუხისმგებლობის საფუძველია „გ) ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ან მოხელისა და დაწესებულების დისკრედიტიციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი (ბრალეული ქმედება), განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ.“
ხელმომწერი ორგანიზაციები ვგმობთ საჯარო მოხელის მიერ მშვიდობიანი მანიფესტაციისთვის ხელის შეშლას. შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლით გარანტირებული უფლებაა და ის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დემოკრატიულ სახელმწიფოში, როგორც აზრის გამოხატვის ერთ-ერთი ფორმა. ამასთან, შემაშფოთებელია ხელისუფლების მაღალჩინოსნების მიერ ბოლოდროინდელი განცხადებები, რომლითაც ხდება უფლებადამცველი ორგანიზაციებისა და უფლებადამცველების დისკრედიტირება. წინამდებარე შემთხვევა და ხელისუფლების აგრესიული რიტორიკა საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი აქტივისტებისა თუ უფლებადამცველების საქმიანობას საქართველოში და ახალისებს ძალადობას მათ მიმართ.
გვსურს, გამოვუცხადოთ ჩვენი სოლიდარობა გიგა მაქარაშვილს და მოვუწოდოთ:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:
- მოხდეს საქმის ადეკვატური, დროული, ობიექტური და ეფექტური გამოძიება;
- გადაკვალიფიცირდეს საქმე სსკ-ს 144 ტერცია მუხლის მე-2 (ა) პუნქტისა და 161-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით;
- გიგა მაქარაშვილს დროულად მიენიჭოს დაზარალებულის სტატუსი.
გორის მერს, კონსტანტინე თავზარაშვილს:
- დაიწყოს დისციპლინარული საქმისწარმოება და გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან თეიმურაზ მანველიშვილი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს:
- შეწყდეს არასამთავრობო ორგანიზაციების, უფლებადამცველების, აქტივისტების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და მათი საქმიანობის დისკრედიტაცია. ხოლო მათ მიმართ ძალადობისა და შეურაცხყოფის ყველა ფაქტს მოჰყვეს სწრაფი და ადეკვატური რეაგირება", - ვკითხულობთ განცხადებაში.
ხელმომწერი ორგანიზაციები:
- თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი (HRHT)
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
- ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRIDC)
- კონსტიტუციის 42-ე მუხლი
- მედიის ინსტიტუტი
- საფარი
- წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT)
- თანასწორობის მოძრაობა
- ცენტრი ემპათია
- ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
- საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო (TI)
- ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
- სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)