მოქალაქეებმა პარლამენტის წევრის ირაკლი სესიაშვილის სახლთან წყალი მიიტანეს. ასეთი აქციით გამოეხმაურნენ ბიძინა ივანიშვილის კომენტარს, რომ სესიაშვილს 310 კვ. მეტრზე სახლის აშენება იაფი დაუჯდებოდა. ასევე ძალიან იაფი იქნებოდა აუზის გაკეთებაც, რომელშიც ჯერ წყალიც არ აქვს გაშვებული.
„იმდენად გულისდამწყვეტი იყო და შეგვეცოდა, რომ გვსურს დავეხმაროთ სესიაშვილს და მოვუტანეთ წყალი. მოვუწოდებ ყველას, შევიტანოთ სესიაშვილის ცხოვრებაში ეს წვლილი, ავუვსოთ აუზი, რომ თავი იგრძნოს კარგად“, - თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ლაშა ცუცქირიძემ.
სესიაშვილის სახლზე, რომელზეც რუსთავი 2-მა სიუჟეტი რამდენიმე დღის წინ მოამზადა, ბიძინა ივანიშვილმა გუშინ ჟურნალისტებთან ინტერვიუს დროს ისაუბრა.
„ეს სახლი არის მხოლოდ შავი კარკასი აშენებული და მინებია ჩასმული, გალესილი, აი, რაც არის. ეს ფასი მეც ძალიან კარგად ვიცი, მაქსიმუმი ფასი არის 120 დოლარი 1კვ.მ და 100 დოლარადაც, როდესაც კომპანიას არ ქირაობ, მაგისი აშენება არ შეიძლება და 100 დოლარი , გამრავლება რომ არ გაგიჭირდეს და მაყურებელმაც კარგად გადათარგმნოს, 310 კვადრატული მეტრო რომ გაამრავლო 100 დოლარზე, არის 31 000 დოლარი.
აუზი საერთოდ კაპიკები დაჯდებოდა, იმიტომ, რომ ჯერ არ არის გაშვებული და არ ფუნქციონირებს ეს აუზი. აჩვენეთ კიდევ ერთჯერ აუზი, სად არის წყალი აუზში? ესეც არის ბეტონის, ბეტონის ფასი მე ძალიან კარგად ვიცი“, - მიმართა ივანიშვილმა რუსთავი 2-ის წამყვანს ეკა კვესიტაძეს.