
პარტია „ქართული ოცნება“ სოციოლოგიური კვლევის ახალ შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, მათ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი 54 %-იანი მხარდაჭერით არჩევნებს პირველივე ტურში იგებს.
კვლევის შესახებ ბრიფინგზე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მამუკა მდინარაძის თქმით, სოციოლოგიური კვლევის თანახმად, ე.წ. ალოკაციის გარეშე, გამოკითხულთა საერთო რაოდენობიდან (აქ შედიან ის ადამიანებიც, რომლებიც არ გეგმავენ არჩევნებში მონაწილეობას) საპრეზიდენტო კანდიდატების მიმართ დაფიქსირდა შემდეგი მხარდაჭერა:
- სალომე ზურაბიშვილი - 30%
- გრიგოლ ვაშაძე: - 11%
- დავით ბაქრაძე: - 10%
- სხვა კანდიდატები: -7%
არჩევნებში არ მიიღებს მონაწილეობას ან არ გადაუწყვეტია, ვის მიცემს ხმას - გამოკითხულთა 42%.
შესაბამისად, ე.წ. ალოკაციის გზით, რომელიც გვიჩვენებს არჩევნების მოსალოდნელ შედეგს, დაფიქსირდა კანდიდატების მხარდაჭერის შემდეგი მონაცემები:
- სალომე ზურაბიშვილი - 54%
- გრიგოლ ვაშაძე - 18%
- დავით ბაქრაძე - 16%
- სხვა კანდიდატები -12%
როგორც ხედავთ:
„სალომე ზურაბიშვილი აგროვებს იმაზე მეტ ხმას, ვიდრე ყველა ოპოზიციური კანდიდატი ერთად აღებული, რაც ნიშნავს, რომ ამომრჩევლის აქტიურობის შემთხვევაში, ის იმარჯვებს პირველივე ტურში." - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მამუკა მდინარაძის თქმით, კვლევა ჩაატარა ორგანიზაცია „ფსიქოპროექტმა“, „ქართული ოცნების“ დაკვეთით, გასულ კვირაში - ამა წლის 15 ოქტომბრიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით. გამოკითხვა წარმოებდა მთელი ქვეყნის მასშტაბით და მოიცავდა დედაქალაქსა და საქართველოს ყველა რეგიონს. სულ გამოიკითხა 2200 რესპოდენტი. (კვლევა უზრუნველყოფდა შედეგების 95%-იან საიმედოობას, ხოლო ცდომილების ფარგლები იყო 3%.)