ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში ნაძალადევის 46-ე ბაღიდან გადაყვანილი სამი ბავშვი ამ დრომდე კლინიკაში რჩება და მათ დიაგნოზის დასადგენად მიკრობიოლოგიური კვლევა უტარდებათ. ამის შესახებ პირველ არხს კლინიკაში განუცხადეს.
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ცნობით, გუშინ ცნობილი გახდა, რომ კლინიკაში მკურნალობას გადის რამდენიმე მცირეწლოვანი, რომელთაც ერთნაირი სიმპტომები აღენიშნებოდათ. მათგან სამი ნაძალადევის რაიონის ერთ-ერთი საბავშვო ბაღის აღსაზრდელია.
„ამ პერიოდში, ზოგადად, ხშირია ვირუსული ინფექციები, მათი გავრცელება სწრაფად და მარტივად ხდება ტემპერატურის შემცირებასთან ერთად. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ბავშვებს აღენიშნებოდათ პირღებინება, დიარეა და მაღალი ტემპერატურა.
ამის მიუხედავად, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ მიმართა სურსათის ეროვნულ სააგენტოს, რომ შეემოწმებინა კვების ბლოკი, რათა გამოირიცხოს კვებითი ინტოქსიკაცია. ასევე, სააგენტოს რეკომენდაციით, პროდუქტების გარკვეული ნაწილის სინჯები გადაიგზავნა ლაბორატორიაში კვლევისთვის. ბაგა-ბაღში ჩატარდება სადეზინფექციო სამუშაო“, - ნათქვამია განცხადებაში.
სააგენტოს ცნობით, ლაბორატორიული კვლევის შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი და მხოლოდ ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი იმის დადგენა, იყო თუ არა ბავშვების ინფიცირების მიზეზი საკვები ან ვირუსული ინფექცია.