ზაზა სარალიძე შსს-ს შენობიდან ინგოროყვას კლინიკაში გადაჰყავთ. მისი ადვოკატის ნესტან ლონდარიძის თქმით, სარალიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაკავების შემდეგ გაუარესდა. ემოციური ფონისა და იმის გამო, რომ დღეს საკვები არ მიუღია, ლონდარიძის თქმით, ზაზას წნევამ და სისხლში შაქრის დონემ აუწია.
ზაზა სარალიძე დღეს, დილით პარლამენტის წინ დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ის სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, პოლიციელზე თავდასხმისთვის ბრალდებით არის დაკავებული. აღნიშნული მუხლი, 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
შსს-ს ცნობით, რუსთაველის გამზირზე, ჯოხით შეიარაღებული ზაზა სარალიძე თავს დაესხა პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ.