სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-მა“ ეგზიტპოლის საბოლოო შედეგები გამოაცხადა. საბოლოო შედეგები კანდიდატთა პირველ სამეულში 4 საათის მონაცემებს ემთხვევა. „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ხმების 40 % მიიღო. ასევე 40% მიიღო გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ.
„ევროპული საქართველოს“ კანდიდატმა დავით ბაქრაძემ 10 % მიიღო.
მცირე ცვლილებებია საპარეზიდენტო კანდიდატთა მეორე სამეულში. საბოლოო შედეგების მიხედვით, „ლეიბორისტული პარტიის“ კანდიდატს შალვა ნათელაშვილს ისევ 3% აქვს, 1%-ით მოიმატა „გირჩის“ კანდიდატის ზურაბ ჯაფარიძის ხმებმა და 3%-მდე გაიზარდა.
„შენების მოძრაობის" ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ხმების 2% მიიღო.
ეგზიტპოლი ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ დაკვეთით საერთაშორისო ორგანიზაციამ, „ედისონ რისერჩმა“ ჩაატარა.
---------------
ამავე კომპანიამ ჩაატარა ეგზიტპოლი, „რუსთავი 2-ის“ დაკვეთით, საქართველოში 2010 და 2012 წლების არჩევნების დროსაც და 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზეც.
2017 წლის ეგზიტპოლი მეტწილად დაემთხვა საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებულ შედეგებს.
გამოკითხვის დროა 2018 წლის 28 ოქტომბერი. გამოკითხვის მეთოდი - პირდაპირი გამოკითხვა თვითადმინისტრირებული კითხვარით (ქაღალდის ვერსია). შესაძლო ცდომილების ზღვარია +/–3 %.