დღეს, 12 საათზე „ქართული ოცნების" ოფისში კახა კალაძემ სპეციალური ბრიფინგი გამართა.
კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ამომრჩეველს, რომელმაც „ოპოზიციის უპრეცედენტო ნეგატიური კამპანიის მიუხედავად, სალომე ზურაბიშვილს მისცა ხმა"
„შედეგებმა ცხადყო, რომ ქართველ ხალხთან ერთად ჩვენი ხელისუფლების პირობებში მოხერხდა, რომ ვცხოვრობთ დემოკრატიულ სახელმწიფოში და დაუბრუნდა ხალხს არჩევანის თავისუფლება." - თქვა კალაძემ.
„რაც მთავარია, ამ არჩევნებით ხალხმა გამოგვიგზავნა შეტყობინება, რისი შეგრძნება გარკვეულწილად ყველას გვქონდა, რომ ქვეყანაში ბევრი რამე შესაცვლელია, შესაცვლელია სწრაფად, ეფექტიანად და თითოეული მოქალაქის ინტერესის გათვალისწინებით.
სამწუხაროდ, როგორც ყველა ხელისუფლებას, ჩვენც ძალაუფლების კონცენტრაციამ, შეიძლება ითქვას გადაჭარბებული თვითდაჯერებულობა შეგვმატა და შესაბამისად, მთელ რიგ შემთხვევებში არ ხდებოდა ადეკვატური უკუკავშირი, კომუნიკაცია საზოგადოებასთან.
ამის შედეგი იყო ისიც, რომ მხოლოდ შიდა კვლევების მონაცემებს ვეყრდნობოდით, რამაც კიდევ უფრო შეასუსტა განწყობების აღქმა. თუმცა ყველა ჯანსაღი პოლიტიკური ორგანიზაციისთვის მსგავსი „გამოფხიზლება“, ახალი და ეფექტიანი რეაგირების, სწრაფი ცვლილების დასაბამია.
სწორედ ამაზე საუბრობდა ბიძინა ივანიშვილიც, პარტიის თავმჯდომარის პოსტზე დაბრუნებისას:
გუნდში გასაძლიერებელია პოლიტიკური მენეჯმენტი, გასაძლიერებელია კომუნიკაცია, გასაძლიერებელია ინსტიტუტები, გადაწყვეტილებები უნდა გახდეს უფრო სწრაფი და ეფექტიანი, შედეგზე, ადამიანების რეალური პრობლემების გადაწყვეტაზე ორიენტირებული.
გზავნილი მიღებულია და ჩვენ მზად ვართ ქმედითი ნაბიჯებით ვუპასუხოთ ამ გამოწვევას." - განაცხადა კალაძემ.
ბრიფინგის ბოლოს მან განაცხადა, რომ „ჩვენ ერთად, აუცილებლად გავიმარჯვებთ საპრეზიდენტო არჩევნებში და რაც მთავარია, ერთად აუცილებლად დავძლევთ ყველა გამოწვევას."