„ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძე გრიგოლ ვაშაძესა და სხვა ოპოზიციურ ძალებს დროებით საკოორდინაციო შტაბში გაერთიანებას სთავაზობს. შტაბის მიზანი, ბაქრაძის თქმით, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერა და მეორე ტურისთვის მომზადება იქნება.
„თითოეული ოპოზიციური პარტიის ვალდებულებაა, ბოლომდე მივიყვანოთ დაწყებული საქმე და ბოლომდე ავსახოთ ჩვენი ხალხის ნება მეორე ტურის შედეგებში.
სწორედ ამიტომ იცით, ჩვენი გუშინდელი განცხადება, რომ მიუხედავად ჩვენ შორის არსებული ფუნდამენტური განსხვავებისა, მეორე ტურში მხარს დავუჭერთ გრიგოლ ვაშაძეს და იმავეს მოვუწოდებთ ჩვენს ამომრჩეველს.
დღეს გამოვდივარ ინიციატივით, რომ მეორე ტურის უკეთ მოსამზადებლად შეიქმნას ოპოზიციური პარტიების მეორე ტურის მოსამზადებელი საკოორდინაციო შტაბი. სადაც ყველა ერთად, კოორდინირებულად, ვიმუშავებთ მეორე ტურისა და გამარჯვებისთვის“, - განაცხადა ბაქრაძემ და სხვა საპრეზიდენტო კანდიდატებსა და პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებს შტაბში გაერთიანებისკენ მოუწოდა.
ბაქრაძის თქმით, საპრეზიდენტო კანდიდატებსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის დიდი, ფუნდამენტური განსხვავებებიც კი არსებობს, მაგრამ ამ შემთხვევაში მთავარი მიზანი სალომე ზურაბიშვილის დამარცხებაა.
რაც შეეხება საკოორდინაციო შტაბს, ბაქრაძის თქმით, ის მეორე ტურისთვის როგორც პოლიტიკურ, ისე პრაქტიკულ მხარდაჭერას ვაშაძეს გამოუცხადებს, თუმცა უფრო კონკრეტულად რას და როგორ გააკეთებენ, ამას უკვე შტაბის ამოქმედებისას გადაწყვეტენ.