Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

NDI: შეშფოთებულები ვართ, რადგან ანგარიშების მიხედვით, საჯარო მოხელეებზე ზეწოლა ხდებოდა

30 ოქტომბერი, 2018 12:18

NDI-ის სადამკვირვებლო მისიამ საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები შეაფასა. ორგანიზაციის განცხადებით, არჩევნების დღემ, ძირითადად, მშვიდ გარემოში ჩაიარა, თუმცა წინასაარჩევნო პერიოდი გამოირჩეოდა არასამთავრობო ორგანიზაციებზე თავდასხმითა და ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების სავარაუდო ფაქტებით.

NDI-მ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ცესკომ არჩევნებისთვის მზადების პროცესი ეფექტურად და ვადების დაცვით წარმართა, თუმცა გამოითქვა კრიტიკა საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლების ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით.  

მათი თქმით,  პოლიტიკური და სამართლებრივი წნეხის ქვეშ მოექცა, ასევე, ზოგიერთი მედიასაშუალება.

NDI  ხაზს უსვამს იმ ფაქტსაც, რომ  წინასაარჩევნო პერიოდში  სახელმწიფოს მაღალი თანამდებობის პირები საყოველთაოდ აღიარებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მათი ლიდერების წინააღმდეგ აგრესიული, პერსონალური და უპრეცედენტო თავდასხმებით გამოირჩეოდნენ. 

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ  „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ოთხჯერ მეტი შემოწირულობა მიიღო, ვიდრე მის შემდგომ ორმა კანდიდატმა ჯამურად.

დელეგაცია შეშფოთებულია სამოქალაქო საზოგადოების ანგარიშებით, რომლის მიხედვითაც, საჯარო მოხელეებზე მიმდინარეობდა ზეწოლა, რომ „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ მოეხდინათ ხმების მობილიზება. ეს საკითხები წინა ხელისუფლებების დროსაც პრობლემური იყო და რეაგირების გარეშე შემდეგ არჩევნებზეც გამოწვევად დარჩება.

„მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ საჯარო მოხელეებს სათანადო ქცევისკენ მოუწოდა, ნათელია, რომ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ხელისუფლებამ ყველა ზომას უნდა მიმართოს იმის დასამტკიცებლად, რომ ისინი ნამდვილად გეგმავენ არსებული პრაქტიკის შეცვლას, მათ შორის მკაცრი სანქციებისა და ზედამხედველობის მექანიზმების გატარებას,” - განაცხადა დელეგაციამ.

არჩევნების დღეს ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა გამოკვეთეს და NDI-ის სადამკვირვებლო ჯგუფმაც აღნიშნა საარჩევნო უბნებს გარეთ კანდიდატების აქტივისტების მასშტაბური მობილიზება.

ეს პრაქტიკა უმეტესად „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ეხებათ. მიუხედავად იმისა, რომ ამომრჩევლების მობილიზება უკანონო ქმედება არ არის, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა ეს ამომრჩეველზე ზეწოლად შეაფასეს.

შეშფოთებას იწვევს წინასაარჩევნოდ არსებული პრაქტიკა, რაც გულისხმობდა საჯარო მოხელეებისთვის ინსტრუქციის მიცემას, სალომე ზურაბიშვილისთვის ხმის მიცემისა და მისი მხარდამჭერების მობილიზაციისთვის ოჯახის წევრების სიის წარდგენას.

დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში, გრძელვადიან რეკომენდაციებთან ერთად, დელეგაცია მეორე ტურის წინ შესასრულებლად შემდეგ რეკომენდაციებს გასცემს:

  • მთავრობის ლიდერებმა და სახელმწიფო თანამდებობის პირებმა არასამთავრობო ორგანიზაციებზე თავდასხმა უნდა შეწყვიტონ და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ხელშემწყობ გარემოს უნდა დაუჭირონ მხარი;
  •  საერთაშორისო საზოგადოებამ არასამთავრო ორგანიზაციებზე თავდასხმები უფრო ძლიერად და საჯაროდ უნდა დაგმოს და მათდამი მხარდაჭერა გამოხატოს. მნიშვნელოვანია მეორე ტურისთვის სადამკვირვებლო ორგანიზაციების დაფინანსება;
  • მეორე ტურისთვის საჯარო მოხელეების ქცევის რეგულირებისთვის მთავრობამ კიდევ ერთი დირექტივა უნდა გამოსცეს და ამ დირექტივას მისი უზრუნველყოფისთვის მკაცრი სანქციები და ზედამხედველობის მექანიზმები დაამატოს;
  • პარტიებმა ხელი უნდა მოაწერონ ქცევის კოდექსს, რომლის თანახმად ისინი დაშინების და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ყველა ფორმისგან თავს შეიკავებენ, ხოლო დამრღვევებს შიდა სანქციებს დააკისრებენ;
  •  კამპანიებმა და მედიამ დარჩენილ პერიოდში მუქარის რიტორიკისა და პირადი შეტევებისგან თავი უნდა შეიკავონ და ამის ნაცვლად კანდიდატების პლატფორმასა და ხედვაზე გაამახვილონ ყურადღება;

დელეგაცია აღიარებს, რომ არჩევნების სანდოობასა და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას საბოლოოდ საქართველოს მოსახლეობა შეაფასებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^