პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ხალისუფლებაში ვერ დაბრუნდება თუ არა რევოლუციური სცენარი.
„საზოგადოებას უნდა ავუხსნათ რეალური მოცემულება. „ნაციონალური მოძრაობა“ თავის სააკაშვილით, თავის ვაშაძით და თავის გაერთიანებული ოპიზიციით აცხადებს, რომ ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ. ხალხს ეუბნებიან ღიად, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ ამ არჩევნებში და შევცვლით ხელისუფლებას. თუ გადავხედავთ კონსტიტუციას და პრეზიდენტის კომპეტენციებს, ამის არანაირი უფლება არ აქვს პრეზიდენტს. შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ სიმბოლური თანამდებობაა პრეზიდენტის და მხოლოდ კრიზისების დროს შესაძლოა მისი როლი განისაზღვროს, ისიც ფორმალურად. როდესაც ისინი ასეთ დაპირებებს იძლევიან, გამოხატავენ აგრესიას, საუბრობენ ვინ უნდა დაიჭირონ და ვინ - არა, საუბრობენ, რომ მწამებლებს და დამნაშავეებს გამოუშვებენ. სააკაშვილი ხელისუფლებაში ვერანაირად ვერ დაბრუნდება თუ არა რევოლუციური სცენარი.
ამ მწამებლებს რომ გამოუშვებენ, ფონს რომ შექმნიან, რომ ხელისუფლება უნდა შეცვალონ, ეს ბუნებრივია, რევოლუციური სცენარია. რაც მათ აწყობთ. დაძაბულობის პირობებში ეკონომიკა გაჩერდება, ინვესტორი აღარ შემოვა. ბიზნესმენს სააკაშვილის სახელს რომ უხსენებ, მაშინვე უნდა, რომ თავისი ბიზნესი გაყიდოს და გაიქცეს ქვეყნიდან. ამ ვითარებაში, პროცესი რომ დაიძაბება, სულ რომ არანაირი თანამდებობა არ მეკავოს, მე ვიქნები პირველი ჯარისკაცი ვინც ამ ქვეყანას მოღალატეებისგან, მწამებლებისგან და კაცთმოძულეებისგან დაიცავს“,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" ირაკლი სესიაშვილმა, რითაც გედევან ფოფხაძის განცხადებას გამოეხმაურა. გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რომ თუკი გრიგოლ ვაშაძე მოიგებს არჩევნებს, „ეს იქნება რეალური ნაბიჯი საქართველოში სამოქალაქო ომის დაწყების თვალსაზრისით“.