თბილისის მერმა, კახა კალაძემ, დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მზად არის ცვლილებათა პროექტი, რომელიც მშაენებლობის პროცესში რეგულაციების გამკაცრებას ეხება.
"ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა არის ჰაერის მტვრით დაბინძურება. ამის ერთ-ერთ გამომწვევ მიზეზს წარმოადგენს თბილისში მიმდინარე მასშტაბური მშენებლობები, სამშენებლო მოედნები, ამტვერებადი მასალების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაზიდვის, განთავსების, დამუშავებისა და რეალიზაციისთვის სპეციფიკური რეგულაციების არარსებობა. ეს არის დღეს სერიოზული პრობლემა. ჩვენ ამაზე უკვე ვისაუბრეთ. ჯგუფს დავალებაც ჰქონდა მიცემული შესაბამისი ცვლილებები განეხორციელებინა კანონდებლობაში.
ეს პაკეტი უკვე მომზადებულია, რომელსაც უახლოეს მომავალში გადავცემთ პარლამენტს. დარწმუნებული ვარ, პარლამენტის მხრიდან იქნება მაქსიმალური მხარდაჭერა და თანადგომა, რომ ეს ცვლილებები განვახორციელოთ. მნიშვნელოვანია, რომ ამტვერებადი მასალიდან მყარი ნაწილაკების გარემოში მოხვედრა თავიდან ავირიდოთ. სწორედ აქედან გამომდინარე მომზადდა ეს კანონპროექტი“,- განაცხადა კალაძე.
მისივე თქმით, სანქციები გამკაცრდება შემდეგი მიმართულებებით: მშენებლობის პროცესში ამტვერებისგან დამცავი ბადეების განუთავსებლობა, მშენებლობის პროცესში ამტვერებადი მასალის სველი მეთოდის გარეშე დამუშავება, ამტვერებადი მასალის გადაუხურავი ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაზიდვა, განთავსებისას ამტვერებადი მასალისგან წარმოქმნილი მყარი ნაწილაკების გარემოში მოხვედრა, ამტვერებადი მასალის გადაუხურავ სივრცეში განთავსება და რეალიზაცია.
კახა კალაძემ განაცხადა, რომ კანონპროექტი მალე პარლამენტს გადაეგზავნება.