მე არ ვაპირებ, მივმართო ბატონ გრიგოლ ვაშაძეს შეწყალების თხოვნით - ამის შესახებ განცხადებას თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია ავრცელებს.
ახალაიას თქმით, მის სახელს ხელისუფლების წარმომადგენლები იყენებენ ბინძური მიზნებით. ის აღნიშნავს, რომ 2012 წელს თვითონ წავიდა ციხეში და მიესაჯა 9 წელი.7 წელია იხდის სასჯელს. მისივე თქმით, იმისთვის, რომ მისი არსებობა ეროვნული მიზნების მიღწევისთვის არ გახდეს დაბრკოლება, ის არ აპირებს, ვაშაძეს მიმართოს შეწყალების თხოვნით.
„უპირველეს ყოვლისა ჩემთვის ჩემი პირადი თავისუფლება ნამდვილად არ არის იმ მნიშვნელობის, რომ ეპოქალურ პოლიტიკურ ბრძოლას ან დღეს ან ხვალ რამეში უშლიდეს ხელს. სიმართლის თქმას არაფერი უდგას წინ, 2012 წელს მე თვითონ წავედი ციხეში, „ქართულმა ოცნებამ“ 9 წელი მომისაჯა, მე-7 წელია ვიხდი სრულიად უსამართლო სასჯელს, მაგრამ დღესაც, ისევე როგორც 2012 წელს, იმისათვის, რომ ჩემი არსებობა არ გახდეს საერთო ეროვნული მიზნების მიღწევაში რამე დაბრკოლება, მინდა, საჯაროდ ვთქვა, მე არ ვაპირებ მივმართო ბატონ გრიგოლ ვაშაძეს შეწყალების თხოვნით, ჩემი მისდამი უდიდესი პატივისცემის მიუხედავად, არ ვთვლი, რომ ამხელა უსამართლო სასჯელის მოხდის მიწურულს რამე შეწყალება მჭირდებოდეს“,- განაცხადა ბაჩო ახალაიამ.
მისი თქმით, საქართველოში დღეს მიმდინარე პოლიტიკური ბრძოლა ეპოქალური მნიშვნელობისაა და მისი პირადი თავისუფლება არ უღირს იმად, რომ ამ პროცესს ხელი შეეშალოს.
„საქართველოში დღეს მიმდინარე და ხვალ გასამართი პოლიტიკური ბრძოლები იმდენად დიდი ეპოქალური მნიშვნელობისაა, რომ ჩემი პირადი თავისუფლებაც არ მიღირს მისთვის რამედ, თუნდაც მცირედი ხელშეშლის ან ხელშეშლის იმიტირებისთვის იქნას გამოყენებული. უსამართლო 9-წლიანი სასჯელიდან მე-7 წელიწადს რამენაირად შევძლებ კიდევ 2-3 წელსაც გავუძლო“,- თქვა ახალიამ.
ახალია აღნიშნავს, რომ ხელისუფლების შეცვლა გარდაუვალი რეალობაა და ახალი ხელისუფლება არ დააპირებს, რომ მას რაიმე სახელმწიფო სამსახური შესთავაზოს და რომც მოხდეს, მას ამის სურვილი არ აქვს.
„ახალი ხელისუფლება არც დააპირებს რამე სახელმწიფო სამსახური შემომთავაზოს, მაგრამ ასეთი საოცრება რომც მოხდეს, მე ჩემი მხრიდან არც არანაირი სურვილი არ მაქვს რამე სახელმწიფო სამსახურში მუშაობის.
ვითარება ძალიან მარტივია, ივანიშვილის რუსული რეჟიმის დასასრული იწყება. ერთადერთი, რაც არის ხელშესაწყობად შესაძლებელი, სამწუხაროდ, ეს კვლავ ციხეში ჯდომაა. სამწუხაროდ, ჩემი როლი ასეთი აღმოჩნდა. იმედი მაქვს, ჩემსავით ფიქრობს ყველა ის ადამიანი, ვისთვისაც მთავარი საქართველოს ეროვნული ინტერესებია, ამიტომაც არის ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური მარცხი გარდაუვალი. დღეს საქართველოსთვის გასაწევი სამსახური როგორც ჩანს ჩემთვის ასეთია“, -წერს ახალაია სოციალურ ქსელში.