ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია „ზეარისი” არჩევნების მეორე ტურისთვის რეგიონებში გასვლას და საზოგადოებასთან შეხვედრას გეგმავს - ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელი გოჩა ფიფია აცხადებს.
„მათი მთავარი მიზანი იქნება, რომ „ნაციონალური მოძრაობის” საპრეზიდენტო კანდიდატმა არ გაიმარჯვოს არჩევნებში“, - განაცხადა ფიფიამ სპეციალურ ბრიფინგზე.
ფიფიას განცხადებით, კომპანიის თანამშრომელთა დიდი ნაწილი, რომელიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან არის ჩამოსული, „საქართველოს რეგიონებში გაიშლებიან და ახსნა-განმარტებით სამუშაოებს ჩაატარებენ, თუ რატომ არის დაუშვებელი ქვეყანაში იმ რეჟიმის დაბრუნება, რომელიც ქართველ ხალხს ფიზიკურ განადგურებას უქადის“.
„დროებით დავკეტავთ ჩვენს ოფისებს. იმუშავებენ მხოლოდ მორიგე მენეჯერები. დანარჩენები კი, გავიშლებით თბილისსა და საქართველოს ყველა რეგიონში და არა მხოლოდ მივიღებთ მონაწილეობას არჩევნებში, არამედ ვაწარმოებთ ახსნა-განმარტებით სამუშაოებსაც, რათა განვუმარტოთ ადამიანებს განსხვავებები დანაშაულსა და შეცდომას, ბოროტებასა და სიკეთეს, ნაცისტურ აზროვნებასა და დაუდევრობას, გამოუცდელობას შორის." - განაცხადა ფიფიამ.
--------------
„ზეარისი" ამჟამად შალვა რამიშვილის ონლაინგადაცემის, „პიანი ბაზრის" სპონსორია.
გოჩა ფიფია 1996-2003 წლებში შპს „უშბის“ გენერალური დირექტორი. 2013 წლიდან კომპანია „ზეარის“ დამფუძნებელი.[1] საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (2004-2008), საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის წევრი (2004-2008).[2]
კომპანია „ზეარისთან“ დაკავშირებით იძებნება სტუდია „მონიტორის“ მიერ 2017 წელს მომზადებული მასალა, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო უწყებებმა ერთ ბოთლ ჭაჭაში 50-დან 160 დოლარამდე გადაიხადეს. ალკოჰოლური სასმელის შესაძენად 70 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა.
მედიასაშუალების ინფორმაციით, არყის შესაძენად ტენდერი არ გამოცხადებულა და ალკოჰოლი კომპანია ზეარისისგან შეიძინეს. კომპანიის დირექტორი თეონა ზაქრაძეა, რომელიც ყოფილი პარლამენტარის, გოჩა ფიფიას ცოლია.
ყველაზე მეტი ღირებულების (31 ათასი ლარი) ალკოჰოლური სასმელი საქართველოს ფოსტამ იყიდა, სხვა უწყებებმა კი - შედარებით ნაკლები. სტუდია მონიტორს განუცხადეს, რომ სასმელი სტუმრებისთვის შეისყიდეს.