„ქართული ოცნების“ ოფისში ბიძინა ივანიშვილი საპარლამენტო უმრავლესობას ხვდება. მსგავსი შეხვედრა პარტიის ლიდერმა გუშინაც გამართა.
როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრების თემა არჩევნების მეორე ტურია. მისი თქმით, პარტიას ძალიან სერიოზული მობილიზება, მომზადება და შეთანხმება სჭირდება და დღევანდელ შეხვედრაზე სწორედ იმ სტრატეგიაზე ისაუბრებენ, რომლითაც მეორე ტური უნდა ჩატარდეს.
„ჩვენ გვჭირდება ყოველდღე ყველა შესაძლებლობა გამოვიყენოთ, ყველა ჩვენს ამომრჩეველს და მოქალაქეს მოვუწოდოთ, რომ მეორე ტური გავაცნობიეროთ. ეს ძალიან საპასუხისმგებლო და უმნიშვნელოვანესი არჩევანია, ძალიან საპასუხისმგებლო ქვეყნისთვის, სიმშვიდისთვის, ხვალინდელი დღისთვის, რადგან ქვეყანა რეალური საფრთხის წინაშე დგას - წარსულში დაბრუნდება თუ გააგრძელებს სვლას ხვალინდელი უკეთესი, სტაბილური და მშვიდობიანი მომავლისკენ. ამიტომ ეს არჩევანია, რომელსაც იმაზე მეტი მნიშვნელობა ენიჭება და იძენს ვიდრე მხოლოდ საპრეზიდენტო არჩევნები”,- განაცხადა ეკა ბესელიამ.