საზოგადოებრივი მაუწყებელი ტექნიკური გადაიარაღებისთვის 45 მილიონი ლარის ოდენობით სესხს იღებს.
როგორც „ლიბერალს“ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა, ნინია კაკაბაძემ განუცხადა, ეს თანხა განკუთვნილი იქნება მთლიანად საზოგადოებრივი ტელევიზიის, რადიოს გადაიარაღებისთვის. მისი თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ტექნიკა არის ძველი და წლების განმავლობაში მცირე განახლებები რეალურად სურათს არ ცვლიდა.
„ეს თანხა განკუთვნილი იქნება მთლიანად საზოგადოებრივი ტელევიზიის (რომელშიც გარკვეულწილად რადიო და მეორე არხიც შედის) ტექნიკური გადაიარაღებისთვის. ტექნიკა, რომლითაც დღეს მუშაობს საზოგადოებრივი მაუწყებელი, არის ძალიან დაძველებული. იყო რაღაც განახლებები წლების განმავლობაში, პატარა დეტალები იცვლებოდა, თუმცა ამის გამო არ სწორდება არც გამოსახულება და არც ტექნიკა, რომლითაც მუშაობს. ამიტომ მენეჯმენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მთლიანად და ერთდროულად შეცვალოს ტექნიკა, განაახლოს.
ძალიან ხშირ შემთხვევაში მაუწყებელი ტექნიკას ქირაობს. იმისათვის, რომ მუდმივად ქირაში არ იხარჯებოდეს ფული, მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება“, - განაცხადა კაკაბაძემ.
მისი თქმით, მოლაპარაკებები მიმდინარეობდა რამდენიმე ბანკთან, თუმცა შეირჩა ერთი მათანი, რომელსაც ყველაზე კარგი პირობები ჰქონდა და ეს არ არის „ქართუ ბანკი“. ნინია კაკაბაძის თქმით, ვალის გადაფარვა მოხდება 6 წლის განმავლობაში.
ამ ვალის გადაფარვა მოხდება 6 წლის განმავლობაში, ყოველწლიურად ბიუჯეტიდან გამოიყოფა თანხა, რომელიც ამ ვალის ნაწილს დაფარავს. მოლაპარაკებები მიდიოდა ბევრ ბანკთან, როგორც ვიცი საბოლოოდ ერთ-ერთ მათგანზე შეჩერდა არჩევანი, ვისთანაც ყველაზე კარგი პირობები იყო, მაგრამ ეს არ არის „ქართუ ბანკი“, - განაცხადა ნინია კაკაბაძემ.