დღეს საპატრიარქოში შეხვედრის დასრულების შემდეგ შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მთავრობა უახლოეს მომავალში კანაფის კულტივიზაციის კანონპროექტს პარლამენტიდან გამოითხოვს.
გახარიას თქმით, კანონპროექტის გამოწვევის შესახებ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა პოლიტიკური კონტექსტი და მათ შორის არჩევნების საკითხიც. მისი თქმით, კანონპროექტზე კონსესუსის მიღწევა ამგვარ პოლიტიკურ ფონზე შეუძლებელია.
„რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო რეგულირების ნაწილი, რომელიც პარლამენტში შევიტანეთ და უდიდესი შედეგი ექნება ამ კანონს, არა მარტო უსაფრთხოების, არამედ მოხმარების რეგულირების ნაწილში. ვიმსჯელეთ, ასევე, მეორე ნაწილზე, რომელიც შევიდა საკანონმდებლო ორგანოში. ეს არის კულტივაციის თემა, სამედიცინო მიზნებისთვის. რა თქმა უნდა, კონტექსტი არსებობს, რომ ეს არის პოლიტიკური კონტექსტი. ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ ჩვენთვის ძალზედ დიდი მნიშვნელობისაა, ამ კანონის ირგვლივ მოხდეს კონსესუსი. კონსესუსის მიღწევა ამ პოლიტიკურ ფონზე, მათ შორის არჩევნების ფონზე შეუძლებელია, საზოგადოებრივი რეაქციიდან გამომდინარე. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ეს კანონპროექტი გამოვიტანოთ. ეს იყო პატრიარქთან შეხვედრის ძირითადი თემა. ეს ნიშნავს იმას, რომ საკითხი დახურულია“, - განაცხადა გახარიამ.