იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ინიციატივით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ქორწინების რეგისტრაციის ახალ სტანდარტს ნერგავს. დღეიდან რეგისტრატორები ქორწინებას ახალ, თანამედროვე დიზაინის ერთიანი სტანდარტით შექმნილ უნიფორმებში დაარეგისტრირებენ, - ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
იუსტიციის სასწავლო ცენტრის ყვარლის კომპლექსში ქორწინების ცერემონიალისთვის აუცილებელი განახლებული სერვისების, ინფრასტრუქტურისა და ატრიბუტიკის პრეზენტაცია გაიმართა.
სამინისტროს ცნობით, ქორწინების საზეიმო ცერემონიალისას რეგისტრატორებისთვის განკუთვნილი ტანისამოსის ესკიზების ავტორი ქართველი დიზაინერი მაკა ჯაფარიძეა, რომელმაც სარიტუალო მოთხოვნების გათვალისწინებით სამოსის რამდენიმე ვერსია შექმნა. ამიერიდან საქართველოში მოქმედ ყველა საქორწინო სახლში, ასევე გასვლითი ქორწინებისას, რეგიტრატორებს ერთიანი სტანდარტით შექმნილი სამოსი ეცმევათ.
„2013 წლიდან სერვისების განვითარების სააგენტომ არაერთი სიახლე შესთავაზა მოქალაქეებს ქორწინების ცერემონიალის გასაუმჯობესებლად. ახალი ქორწინების სახლები გაიხსნა და სივრცეები მოეწყო ზუგდიდში, გორში, ფოთში, ლაგოდეხში, ბორჯომში, ყაზბეგში, თიანეთში, ონში, ახალქალაქში. ქორწინების მსურველი წყვილებისთვის სპეციალური სადღესასწაულო სივრცე იუსტიციის სასწავლო ცენტრის ყვარლის კომპლექსშიც მოეწყო. გარდა ამისა, 2014 წელს შემუშავდა ქორწინების მოწმობის განახლებული, მაღალი სტანდარტის დიზაინი. ქორწინების მოწმობის შეცვლის შესახებ ბრძანება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მოსახლეობის სურვილის გათვალისწინებით გამოსცა.
იუსტიციის სამინისტრომ და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ აღადგინეს უძველესი ქართული ტრადიცია, რომლის თანახმადაც, ახალდაქორწინებულ ქალს ოჯახიდან მზითვად ატანდნენ „ვეფხისტყაოსანს“ − ფასდაუდებელ საუნჯეს და ახალი ოჯახის აუცილებელ ატრიბუტს. სამზითვო „ვეფხისტყაოსანი“ ყოველ ახალდაქორწინებულ წყვილს, საზეიმო ცერემონიის ფარგლებში, ქორწინების მოწმობასთან ერთად გადაეცემა როგორც სიყვარულის, ერთგულებისა და თანასწორობის სიმბოლო. „ვეფხისტყაოსნის“ სასაჩუქრე ეგზემპლარი გაფორმებულია ცნობილი ქართველი მხატვრის, სერგო ქობულაძის, ილუსტრაციებით, რომელთა ასლები გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის ფოტოფიქსაციის ლაბორატორიაში ინახება“, - ნათქვამია განცხადებაში.