ფსიქიკური და ინტელექტუალური განვითარების პრობლემების მქონე პირები, მათი ოჯახის წევრები და უფლებდამცველები პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს ღია წერილით მიმართავენ.
წერილში საუბარია ადამიანებზე, რომლებიც დღემდე სახელმწიფო მიერ დაფინანსებულ დიდი ზომის ინსტიტუციებში ცხოვრობენ. ასეთი სულ 730 ადამიანია.
მათგან, 448 ადამიანი ფსიქიატრიულ კლინიკებში, 252 კი პანსიონატებსა და სათემო ორგანიზაციების დიდი ზომის საცხოვრისებშია მოთავსებული.
წერილში ნათქვამია, რომ დღეს საქართველოში მხოლოდ 25 ადამიანი იმყოფება საოჯახო ტიპის, ღირსეულ საცხოვრებელ გარემოში, სადაც ხდება მათი ნამდვილი ინკლუზია.
განცხადების მიხედვით, 2019 წელს ადამიანის უფლებების სამთავრობო გეგმის მიხედვით, იგეგმება შშმ პირების დიდი ინსტიტუციებიდან გაყვანა.
მშობლები წერენ, რომ მათი ცნობით, სახელმწიფო „ამ ადამიანებისთვის გეგმავს სხვადასხვა ტიპის ახალი ინსტიტუციების აშენებას და ამით გვიჩვენებს, სინ
ამდვილეში რამდენად არასწორად იაზრებს არსებულ პრობლემებს და ცვლილებების საჭიროებას ისევ და მხოლოდ ინფრასტრუქტურის შელამაზებაში ხედავს. მეტიც, თავისი პოლიტიკით ხელს უწყობს შშმ პირთა ინსტიტუციონალიზებას“.
მშობლები პრემიერს კონკრეტული მოთხოვნებით მიმართავენ:
- მოხდეს 2019 წლის ბიუჯეტის სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის პროგრამის ,,შშმ პირთა დამოუკიდებელი, ოჯახური ტიპის საცხოვრებლის“ კომპონენტის დაფინანსების გაზრდა 16 ლარიდან 32 ლარამდე (რეალური ხარჯთაღრიცხვის გათვალისწინებით);
- შეიქმნას მულტისექტორული და მულტიდისციპლინური სამუშაო ჯგუფი, რომელიც ადამიანის უფლებების გეგმის ზემოაღნიშნული პუნქტების შესაბამისად, იმუშავებს დეინსტიტუციონალიზაციის (როგორც ფსიქიკური ჯანდაცვის, ასევე სოციალური პროგრამებით დაფინანსებული ინსტიტუციების) სამოქმედო გეგმაზე. ჯგუფში სათანადო წარმომადგენლობა უნდა ჰქონდეთ შშმ პირებს და მათი ოჯახის წევრებს, სოციალური მომსახურების სპეციალისტებს, უფლებადამცველებს. შშმ პირთა უფლებების ბაზისური პრინციპია, რომ არცერთი გადაწყვეტილება შშმ პირთა შესახებ არ უნდა მიიღებოდეს მათი მონაწილეობის გარეშე;
- შემუშავდეს ჭიშკრის დარაჯობის მექნიზმები, რათა არ მოხდეს ყველა ქრონიკული პაციენტის განთავსება ფსიქიატრიულ კლინიკებში
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
განცხადების სრული ვერსია:
საქართველოს პრემიერ-მინისტრს
ბატონ მამუკა ბახტაძეს
კოალიცია “მოძრაობა ცვლილებებისათვის”
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
ბატონო მამუკა,
როგორც მოგეხსენებათ, ცივილურ, ინკლუზიურ საზოგადოებაში ყველა ადამიანი თანასწორად ცხოვრებს, საქმიანობს, არსებობს. მიუხედავად ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური თუ სოციალური განსხვავებებისა, ეს უფლება ყველას დაბადებიდანვე მოჰყვება.
სამწუხაროა, რომ 21-ე საუკუნეში ყოველდღიურად გვიხდება ადამიანის საყოველთაო უფლებების ამ ელემენტარული, მაგრამ ფუნდამენტური პრინციპის არათუ შეხსენება, არამედ შეუპოვარი ბრძოლა მისი მოპოვებისთვის.
ჩვენ, მენტალური და ფსიქიკური პრობლემების მქონე ოჯახის წევრები და უფლებადამცველები წარმოვადგენთ ადამიანებს, რომელთა არსებობა ჩვენს ქვეყანაში არავის ახსოვს და არ აინტერესებს. წინა საუკუნიდან მოყოლებული, მათზე ,,ზრუნვის“ ცინიკური მოტივით, ისინი იზოლირებული, სეგრეგირებული არიან საზოგადოებისგან და არაადამიანურ პირობებში არიან გამოკეტილი, სადაც რეალურად მათ მდგომარეობას გამოუსწორებელი ზიანი ადგება. საზოგადოებისგან და ხელისუფლებისგან გაწირულთათვის სიცოცხლე უკეთეს შემთხვევაში მხოლოდ ბიოლოგიური არსებობის მდგომარეობაა, რომელიც ხშირად არაადამიანური მოპყრობითა და წამებით მძიმდება.
დღეს საქართველოში 730 ადამიანი ცხოვრობს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ დიდი ზომის ინსტიტუციებში. მათგან, 448 ადამიანი ფსიქიატრიულ კლინიკებში, 252 კი პანსიონატებსა და სათემო ორგანიზაციების დიდი ზომის საცხოვრისებშია მოთავსებული. წლების წინ ამ ადამიანების საზოგადოებაში ინკლუზიის ხელშეწყობის მიზნით წამოწყებული სათემო ორგანიზაციების დაფინანსება კი დღეს იმდენად არაადეკვატურია, რომ ასეთი ორგანიზაციების განვითარება კი არა, უკვე არსებულთა ყოფნაც თავის მოტყუება და პროფანაციაა. ამ ფონზე დღეს საქართველოში მხოლოდ 25 ადამიანი იმყოფება მტკიცებულებებზე დაფუძნებულ, საოჯახო ტიპის, ღირსეულ საცხოვრებელ გარემოში (700 vs 25), სადაც ხდება მათი ნამდვილი ინკლუზია და მაქსიმალური ხარისხით შესაძლებლობათა რეალიზაცია. სამწუხაროდ, ამ სახლების არსებობაც მეტწილად დონორის მიერ გაწეული დაფინანსებით არის შესაძლებელი.
შშმ პირთა უფლებების გაერო-ის 2006 წლის კონვენცია, რომლის რატიფიკაცია ქვეყანამ 2013 წელს მოახდინა და ამით მისი შესრულების ვალდებულება აიღო, მოიცავს მე- 19 მუხლს, რომელიც გულისხმობს შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების უფლებას და სახელმწიფოს ვალდებულებებს, უზრუნველყოს აღნიშნული უფლების რეალიზება.
შეგახსენებთ ასევე, რომ 2018 წლის ადამიანის უფლებების სამთავრობო გეგმის 19.1.5.1. და 19.1.7.1. პუნქტებით (ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგიის შემუშავება და დიდი ზომის რეზიდენტული დაწესებულების დეინსტიტუციონალიზაციის გეგმის შემუშავება) 2019 წელს გათვალისწინებულია დიდი ზომის რეზიდენტულ დაწესებულებებში მცხოვრები შშმ პირების შეფასება, ინსტიტუციაში ჩარიცხვის პრევენცია და დიდი ინსტიტუციებიდან მათი გაყვანა. ამისათვის კი უნდა მოხდეს ალტერნატიული, თემზე დაფუძნებული სერვისების განვითარება, რომელთა შორის, როგორც ამას კვლევები და პრაქტიკა აჩვენებს, საუკეთესო ალტერნატივა საოჯახო ტიპის საცხოვრისებია.
ამის საპირისპიროდ კი დროდადრო ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებით საზოგადოებისთვის ცნობილი ხდება, რომ მიუხედავად ქართული და საერთშორისო საზოგადოების წინაშე თავისსავე მიერ დეკლარირებული და მასთან შეთანხმებული პრიორიტეტისა, სახელმწიფო ამ ადამიანებისთვის გეგმავს სხვადასხვა ტიპის ახალი ინსტიტუციის აშენებას და ამით გვაჩვენებს, სინამდვილეში რამდენად არასწორად იაზრებს არსებულ პრობლემებს და ცვლილებების საჭიროებას მხოლოდ და მხოლოდ ინფრასტრუქტურის შელამაზებაში ხედავს. მეტიც, თავისი პოლიტიკით ხელს უწყობს შშმ პირთა ინსტიტუციონალიზებას, რასაც ადასტურებს შემდეგი ოფიციალური მონაცემების შედარება:
- დღეს ფსიქიატრიულ კლინიკებში მცხოვრებ ადამიანთა (ე.წ. ქრონიკული პაციენტების) ყოფას ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო დღეში 23 ლარით აფინანსებს, დუშეთის შშმ პირთა პანსიონატში თითოეული შშმ პირის შენახვა სახელმწიფოს 29 ლარი უჯდება, მარტყოფსა და ძევრის პანსიონებში - 25 ლარი. აქვე აღვნიშნავთ, რომ პანსიონების ხარჯები არ გულისხმობს ადმინისტრირების ხარჯებს, რომელსაც სსიპ „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი ასრულებს; მაშინ, როდესაც ალტერნატიულ სათემო საოჯახო ტიპის სერვისში დღიური დაფინანსება ბენეფიციარზე მხოლოდ 16 ლარს შეადგენს, რაც დღევანდელ პირობებში, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სერვისს არათუ განვითარების, არამედ არსებობის საშუალებასაც კი უსპობს.
- გარდა ამისა, დაფინანსება წლების განმავლობაში არ გაზრდილა, რაც, ინფლაციის ოფიციალური მაჩვენებლის გათვალისწინებით, საშუალებას გვაძლევს, რომ განვაცხადოთ - საოჯახო ტიპის სერვისის დაფინანსება ნაცვლად გაზრდისა და წახალისებისა, მცირდება. (2013 წლის 16 ლარი ინფლაციის გათვალისწინებით დღევანდელი 22 ლარია).
ყოველივე აღნიშნულის გამო, ჩვენ იძულებული ვართ, გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობება, იქნება ეს პირდაპირი შეხვედრები, საჯარო დისკუსიები, საინფორმაციო საშუალებები, სხვადასხვა სოციალური აქტივობები და ა.შ. იმისათვის, რომ ვიბრძოლოთ საქართველოში მენტალური და ფსიქიკური პრობლემების მქონე პირების ელემენტარული უფლებების დასაცავად და ყველას შევახსენოთ აღებული ვალდებულებები.
ჩვენ მოვითხოვთ, რომ:
- მოხდეს 2019 წლის ბიუჯეტის სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის პროგრამის ,,შშმ პირთა დამოუკიდებელი, ოჯახური ტიპის საცხოვრებლის“ კომპონენტის დაფინანსების გაზრდა 16 ლარიდან 32 ლარამდე (რეალური ხარჯთაღრიცხვის გათვალისწინებით);
- შეიქმნას მულტისექტორული და მულტიდისციპლინური სამუშაო ჯგუფი, რომელიც ადამიანის უფლებების გეგმის ზემოაღნიშნული პუნქტების შესაბამისად, დეინსტიტუციონალიზაციის (როგორც ფსიქიკური ჯანდაცვის, ასევე სოციალური პროგრამებით დაფინანსებული ინსტიტუციების) სამოქმედო გეგმაზე იმუშავებს. ჯგუფში სათანადო წარმომადგენლობა უნდა ჰქონდეთ შშმ პირებს და მათი ოჯახის წევრებს, სოციალური მომსახურების სპეციალისტებს, უფლებადამცველებს. შშმ პირთა უფლებების ბაზისური პრინციპია, რომ არცერთი გადაწყვეტილება შშმ პირთა შესახებ არ უნდა მიიღებოდეს მათი მონაწილეობის გარეშე;
- შემუშავდეს „ჭიშკრის დარაჯობის მექნიზმები“, რათა არ მოხდეს ყველა ქრონიკული პაციენტის განთავსება ფსიქიატრიულ კლინიკებში.
გთხოვთ, მხარი დაგვიჭიროთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების უფლებების რეალიზაციისთვის ბრძოლაში.
პატივისცემით,
კოალიცია „მოძრაობა ცვლილებებისთვის“