
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი სოფელ ატოცთან ჩავიდა, სადაც გუშინ რუსმა სამხედროებმა მავთულხლართების გაბმა დაიწყეს.
ციხელაშვილმა დაათვალიერა ტერიტორია, სადაც უკვე გაკეთებულია სპეციალური ბარიერები, იწყება მავთულხლართების გაბმა და შეხვდა ადგილობრივ მცხოვრებლებს.
„მინდა, კიდევ ერთხელ ვთქვა, ჩვენ ამას არ შევეგუებით, არ გავტყდებით, კიდევ უფრო გავძლიერდებით და ვიბრძოლებთ მანამ, სანამ ამ სამარცხვინო მავთულხლართების ბოლო მეტრიც არ დაიშლება. მე ატოცში მოვედი იმ ხალხის მხარდასაჭერად, ვინც განსაკუთრებით ზარალდება ამ ოკუპაციით.
მავთულხლართების მიღმა არის 20-30 ათასი მოსახლე, რომელიც ოკუპირებულ, ფაქტობრივად დაცარიელებულ რეგიონში ცხოვრობს. იქ ამყარებენ სამხედრო გეტოს. სხვათა შორის, დღეს აღნიშნავენ ოქტომბრის რევოლუციის დღეს და პატარა ბავშვებს წითელი დროშების ფონზე ამღერებენ საბჭოთა სიმღერებს“, - თქვა ციხელაშვილმა და ოკუპაციით დაზარალებულ ადგილობრივებს დახმარებას დაჰპირდა.
სამინისტრო ქარელში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ საოკუპაციო ხაზის გამაგრებას გმობს
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცთან საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ახალი ღობის აშენება გუშინ, 6 ნოემბერს დაიწყეს.
ატოცის მახლობლად ეგრეთ წოდებული სახელმწიფო საზღვრის აღმნიშვნელი მწვანე ბანერები რამდენიმე წლის წინ დაამონტაჟეს. ერთ მონაკვეთზე ასევე დამონტაჟებულია მავთულხლართებიც, „რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, ახლა უკვე ღობეების მონტაჟი მიმდინარეობს.