მორჩაძესთან დაკავშირებით მე პრეტენზია არ მქონია და არც მექნება - ვინც არის პასუხისგებაში მისაცემი, ის მისცენ და ვიღაცების მოძებნას და ვითომ საქმის გადაფარვას შეეშვან,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" ზაზა სარალიძემ, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეში მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით დაკავებული მერაბ მორჩაძის პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ განუცხადა.
„ვერანაირად ვერ შევაფასებ იმიტომ, რომ ეს პიროვნება როცა პასუხისგებაში მისცეს, მაშინაც გაურკვეველი იყო, რა მოტივით იყო პასუხისგებაში მიცემული. ეს მგონია ისევ თამაში ხელისუფლების მხრიდან. ჩემი აზრით, ის მაშინ პასუხისგებაში მისცეს სუბელიანის თამაშის გამო, რომ თითქოსდა რაღაცას აკეთებს შსს და პროკურატურა. ეს იყო უსაფუძვლო ნაბიჯები. რაც შეეხება მოწმეების მოსყიდვას და დაშინებას, იმდენი ადამიანი ჰყავთ პასუხისგებაში მისაცემი, რომ თითები არ გვეყოფა ჩამოსათვლელად“, - განაცხადა სარალიძემ.
ხორავას ქუჩის საქმეზე დაკავებული მერაბ მორჩაძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ფარგლებში მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით დაკავებული მერაბ მორჩაძე სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს. მერაბ მორჩაძე საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდა. მას თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით მიესაჯა, მისი მოხდა კი, პირობით, ორი წლით გამოსაცდელი ვადით განესაზღვრა.