2018 წლის 4 ივლისს დუშეთის რაიონში, ხადის ხეობაში ტურისტული მიზნით მყოფი რაიან მაიკლ სმიტის, ლორა ჯოი სმიტისა და მათი 4 წლის შვილის, ქელებ ისმატ სმიტის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ მალხაზ კობაურს ბრალდება დაუმძიმდა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გამოძიების მიერ მიღებული ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ მას ასევე ბრალად შეერაცხა ლორა ჯოი სმიტის გაუპატიურება და დამამძიმებელ გარემოებაში მოკვლა.
დღემდე მალხაზ კობაურს ბრალი ედებოდა რაიან მაიკლ სმიტისა და მისი მცირეწლოვანი შვილის ქელებ ისმატ სმიტის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ მკვლელობაში.
„შესაბამისად, მალხაზ კობაურს ბრალად ედება სამი პირის განზრახ მკვლელობა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით, სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილებისა და დაფარვის მიზნით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, აგრეთვე ლორა ჯოის სმიტის გაუპატიურება, დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და 137-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- ნათქვამია განცხადებაში.