თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურმა ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიის ყოფილი ცენტრის შენობის დემონტაჟზე ნებართვა აგვისტოში გასცა. შენობა უზნაძის ქუჩაზე, #14-ში მდებარეობს. არქეოლოგიის ცენტრის შენობის ადგილას მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა იგეგმება. არქოლოგიის ცენტრის დემონტაჟის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში უკმაყოფილება მოჰყვა.
რეესტრის მიხედვით, შენობა სახელმწიფომ 2017 წლის 12 დეკემბერს გაყიდა და მისი მფლობელი ახლა შპს „ბეტა ჯგუფია“. მიწის ნაკვეთის ფართობი 2796 კვ. მ-ია. მფლობელს შენობის დემონტაჟისთვის ვადად 27 აგვისტოდან 2018 წლის 27თებერვლამდე ჰქონდა განსაზღვრული.
თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე განთავსებულ შენობის ისტორიულ-არქიტექტურულ კვლევაში ვკითხულობთ, რომ:
„დ. უზნაძის ქ. #14, არქოლოგიის ყოფილი ცენტრის შენობის უკიდურესად მძიმე ფიზიკური მდგომარეობისა და ძეგლის სტატუსის არქონის გამო და იმის გათვალისწინებით, რომ შენობა სხვადასხვა დროისა და სხვადასხვა ღირებულებითი ფენისაგან შედგება, შესაძლებლად მივიჩნევ ნაგებობის დაშლასა და მის ადგილზე ახალი მოცემულობის დაპროექტებას“, - წერს კვლევაში ხელოვნებათმცოდნე ლალი ანდრონიკაშვილი.
არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, პროექტი ჯერ შეთანხმებული არაა, რადგან მიმდინარეობს სადემონტაჟო სამუშაოები, თუმცა მოცემულია ფოტოები, თუ როგორი შეიძლება იყოს არქეოლოგიის ცენტრის ადგილას მრავალფუნქციური დანიშნულების შენობა.
შენობას ასევე არ აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, თუმცა აღნიშნული ტერიტორია ისტორიული თბილისის ერთ-ერთი ძირითადი არტერიაა.
ისტორიულ-არქიტექტურულ კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ უზნაძის ქუჩის განაშენიანება მნიშვნელოვანი ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლებისა და ისტორიული ობიექტებისგან შედგება. მათ შორის არის #14 ნაგებობაც, რომელიც XX საუკუნის დასაწყისში აშენდა. შენობა ამპირიულ-კლასიცისტური სტილისაა.