„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენლის, ლევან ნატროშვილის თქმით, აუდიტის სამსახური უნდა დაინტერესდეს და შეისწავლოს ის ფინანსები, რომელსაც ია მეტრეველის „სახალხო მოძრაობა“ და მოძრაობა „მე ვიცავ თავისუფლებას“ ხარჯავენ.
როგორც ია მეტრეველი ამბობს, სახალხო მოძრაობა „არა ნაციზმს“ თავად უზრუნველყოფს მათ ტრანსპორტირებას საარჩევნო უბნებზე, ვინც რეგიონებში ხმის მისაცემად გამგზავრებას ვერ ახერხებს, რათა ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნებას ხელი შეუშალონ.
ლევან ნატროშვილმა „ლიბერალს“ განუმარტა, რომ ამომრჩეველთა მობილიზებას თუ ახდენს ორგანიზაცია და ამისთვის თანხას ხარჯავს, ეს უნდა ჩაითვალოს შემოწირულობად.
მისი თქმით, ამ შემთხვევაში ცხადია, ვის სასარგებლოდაც არის შემოწირულობა, პირდაპირაც რომ არ იყოს გაცხადებული, რომ სალომე ზურაბიშვილს უჭერენ მხარს, იგი მაინც იქნებოდა შემოწირულობა. მეორე ტურში ორი კანდიდატია და ძნელი დასადგენი არ არის, ვის სასარგებლოდ მოქმედებენ.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ არა მხოლოდ ია მეტრეველის „სახალხო მოძრაობის", არამედ მოძრაობა „მე ვიცავ თავისუფლების“ ღონისძიებების შესახებაც აპირებს განცხადებით მიმართოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს. ორგანიზაციას მიაჩნია, რომ აუდიტის სამსახური უნდა დაინტერესდეს და შეისწავლოს აღნიშნული ხარჯი.
„მე ვიცავ თავისუფლებას" წელს, 7 ნოემბერს გამართული აქციის ორგანიზატორი იყო. შემდეგ თელავშიც გაიმართა შეხვედრა. ამ შემთხვევაშიც იგივე პრობლემა დგას: თანხა ერთი სუბიექტის წინააღმდეგ და მეორის, სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ იხარჯება“, - ამბობს ნატროშვილი.
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ამ მიზნისთვის თანხის ხარჯვას შემოწირულობა დაერქვას, რადგან იგი კონკრეტულ ვალდებულებებს წარმოშობს.
„ის, რაც შემოწირულობად ჩაითვლება (თუ მას ამის შესახებ ინფორმაცია აქვს) საარჩევნო სუბიექტმა დეკლარაციაში უნდა ასახოს. ამასთან, შემოწირულობები კონკრეტული ზღვრით რეგულირდება. ინდივიდისთვის შემოწირულობის ზღვარი 60 000 ლარია, იურიდიული პირისთვის 120 000. ცხადი უნდა იყოს, გაწეული ხარჯი, დადგენილი ზღვრის ფარგლებშია თუ არა. თუ მოძრაობები ორგანიზაციის სახით არ არიან რეგისტრირებულები, საჭიროა, გავიდეთ ფიზიკურ პირებზე, ვინც თანხას ჯიბიდან იხდის, რაც შემომწირველად ჩაითვლება", - განმარტავს ნატროშვილი.