„ევროპული საქართველოს“ წევრმა, ოთარ კახიძემ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. კახიძის განცხადებით სხდომის დატოვების მიზეზი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შესახებ დადგენილების პროექტის დღის წესრიგში არმოხვედრა გახდა.
მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ არ აქვს პოლიტიკური ნება, რომ დასვას იმ პირების პასუხისმგებლობის საკითხი, რაც გამოკვეთა საგამოძიებო კომისიამ და მათთვის ეს საკითხი არის მეასეხარისხოვანი.
„ქალბატონმა ბესელიამ ჩასვა დღის წესრიგში სხვა პროექტები, მაგრამ ის დადგენილების პროექტი, რომელიც ეხება ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის რეკომენდაციების გაცემას, რომ ბოლოს და ბოლოს გადაიდგას შესაბამისი ნაბიჯები და ამისთვის მოუწოდებს პარლამენტი შს მინისტრს და მთავარ პროკურორს, დღის წესრიგშიც კი არ სვამენ. მათთვის ეს საკითხი არის მეასეხარისხოვანი და თვლიან, რომ არსებული ვითარება არის დამაკმაყოფილებელი, ვინაიდან სხვაგვარად ვერ აიხსნება მათი ეს ნაბიჯი. საკითხი არ არის იმაზე, ეთანხმებიან თუ არა დადგენილების შინაარსს, საკითხია იმაზე, რომ არც კი სურთ მისი განხილვა, ვინაიდან მათაც, ისევე, როგორც გამოძიებას და პროკურატურას არ აქვს კითხვებზე პასუხი, რომელსაც სვამს „ევროპული საქართველო“, დაზარალებული მხარე და საზოგადოება“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.