„ევროკავშირი შეშფოთებას გამოხატავს თბილისიდან გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმის გამოუძებლობის გამო" - ნათქვამია ევროპარლამენტის ანგარიშში „ასოცირების შეთანხმების" შესრულების შესახებ, რომელსაც კენჭი დღეს უნდა უყარონ.
ანგარიშის თანახმად, შემთხვევამ ბევრი ნაკლოვანება გამოავლინა, მათ შორის, უშიშროების სამსახურების მუშაობისა და პოლიტიკური ჩარევის თვალსაზრისით.
„ევროპარლამენტი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, დროულად გამოაქვეყნოს გამოძიების დასკვნა, რომელიც სანდო იქნება. ევროპარლამენტი საქართველოს მოუწოდებს, მის ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანის უფლებადამცველებისთვის უსაფრთხო გარემო შექმნას და უზრუნველყოს, რომ მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს" - ნათქვამია ანგარიშში.
2018 წლის იანვარში აზერბაიჯანის სასამართლომ აფგან მუხთარლის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აზერბაიჯანელი ჟურნალისტი 2017 წლის 29 მაისს თბილისიდან გაუჩინარდა. მეორე დღეს გაირკვა, რომ ის ბაქოში ჰყავდათ დაკავებული. მუხთარლის თქმით, ის თბილისიდან კრიმინალური პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა ადამიანებმა გაიტაცეს.
აფგან მუხთარლისა და ლეილა მუსტაფაევას საქმეს საქართველოსა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოც განიხილავს. სასამართლომ საქმეს პრიორიტეტიც მიანიჭა.