საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „ლიბერალს“ განუცხადეს, რომ ფონიჭალაში, სადაც დღეს დილით აფეთქება მოხდა, ამ დროისთვის მაშველები 2 ადამიანს ეძებენ. მათივე ცნობით, მათ შორის ერთი, სავარაუდოდ, ბავშვია. დამატებით დეტალებზე სამსახურში ჯერჯერობით ვერ საუბრობენ.
„ჩვენი ინფორმაციით, სადაც სამშენებლო ფილაა ჩავარდნილი, იქ უნდა იმყოფებოდნენ დედა და შვილი, რომლებიც ჯერ არ უპოვიათ. მიმდნარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ჩავარდილია სამშენებლო მთლიანი ფილა, შესაბამისი ტექნიკაა მობილიზებული, რომლითაც მოხდება ამ ფილის აწევა“, - აცხადებს შსს-ს წარმოამადგენელი.
დღეს დილით ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულზე აფეთქება მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. შემთხვევის შედეგად დაშავებული სამი ადამიანი დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს. მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. ექიმის განცხადებით სამივე მათგანის მდგომარეობა მძიმეა.